საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, დღეისთვის საქართველოში რუსული სანქცირებული ბანკებიდან გადმორიცხვების განხორციელება შეუძლებელია. ასე პასუხობს ალექსანდრე ძნელაძე BM.GE-ის მიერ „სბერბანკიდან“ საქართველოში გადმორიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას.
გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის წევრია და რუსეთის კომერციული ბანკების მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს სრულად უერთდება.
„რუსეთიდან კონკრეტულად სანქცირებული ბანკიდან რაიმე სახით და საკომუნიკაციო არხით თანხის მიღება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. იქნება ეს Swift-ი სწრაფი გზავნილი, Visa, Mastercard თუ სხვა სისტემები, რომლითაც თეორიულად შესაძლებელია გადარიცხვა განხორციელდეს, დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს და ამ ინფორმაციის გაცვლა არ ხდება.
მეორე საკითხი ის არის, რომ სანქცირებულ პირთან ან ორგანიზაციასთან საქართველოში ურთიერთობა და კომუნიკაცია შეუძლებელი და აკრძალულია.
მესამე ის არის, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არც „სბერბანკთან“ და არც ერთ სანქცირებულ ბანკთან ტრანზაქციები არ ხორციელდება და ტექნიკურად ვერც განხორციელდება საქართველოში არსებული საფინანსო სისტემებიდან.
ადგილობრივი რეგულაციები კრძალავს ამ კომუნიკაციას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართული საბანკო სისტემა არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის წევრი და ის სრულად იზიარებს ყველა სანქციას, რომელიც დაწესებულია ამათუ იმ ქვეყნის მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან“, - განაცხადა ძნელაძემ.
ცნობისთვის დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა „სბერბანკმა“ საქართველოში გადარიცხვები დაიწყო. ამის შესახებ რუსი უფლებადამცველი, ნიკოლაი ლევშიცი საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომლის მიხედვითაც
„სბერბანკის“ განახლებულ აპლიკაციაში ახალი დანიშნულების ქვეყანა - საქართველო გაჩნდა, თუმცა აპლიკაცია ყველა მოწყობილობაზე არ ყენდება. ის ფულადი გზავნილების სისტემა „კონტაქტის“ გათიშვის შემდეგ მომხმარებელთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ „სბერბანკიდან“ საქართველოში გადარიცხვების კურსი ძალიან ცუდია, თუმცა გადარიცხვების ფაქტი ფიქსირდება და თანხები საკმაოდ სწრაფად ჯდება.