ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია მიიჩნევს, რომ ტაქსის კომპანია "იანდექსი" საშიშია. მისი თქმით, კომპანიის მხრიდან მომხმარებლების რუსეთისთვის გადაცემის ფაქტებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს.
"ეს არ არის მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გასარკვევი საკითხი, რადგან საქმე რუსეთს, ოკუპანტ, მტრულად განწყობილ ქვეყანას ეხება. შესაბამისად, როდესაც ასეთი დიდი მოცულობის მონაცემების სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიცემა, თან იმ პირობებში, როდესაც სამსახური გვეუბნება, რომ ამის თანხმობა არ არსებობდა, ამით უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. ეს შეიძლება გახდეს ასევე გამოძიების საგანი. არ ვიცით, რაში გამოიყენება ეს მონაცემები, თან მნიშვნელოვან მონაცემებზე არის საუბარი. არც ის ვიცით, ამ აპლიკაციის [yandex taxi] მეშვეობით, ჩვენი მობილური ტელეფონებიდან რა სახის ინფორმაცია მიაქვთ. ყველაფერი რუსული ამ ქვეყანაში არის საშიში, მათ შორის, მომსახურება, რომელსაც რუსული კომპანიები გვაწვდის", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ BMG-სთან.
როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მტრულად განწყობილ სახელმწიფოს მიეწოდება, შესაძლოა, მან მოქალაქეებისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ლონდა თოლორაია საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, "იანდექსი" და სხვა რუსული მომსახურებები არ გამოიყენონ.
"მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ არ ისარგებლონ რუსული სერვისებით, რუსული აპლიკაციებით, არ არის უსაფრთხო. შენი, რაც მეტი მონაცემი აქვს სხვა ქვეყანას, რომელიც შენ მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, საშიშია. შეიძლება, სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს. არავინ იცის რა მიზნებით შეიძლება იყოს გამოყენებული. კონკრეტული პირების მიმართ, შეიძლება, ნეგატიური შედეგები დადგეს, მათ შორის, ანგარიშებიდან თანხის მოხსნა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს მონაცემები, შეიძლება, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს გამოყენებული", - აღნიშნა მან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იანდექსი მგზავრებისა და მძღოლების პირადი მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის გამო 4000 ლარით დააჯარიმა. "იანდექსში" ბრალდებებს უარყოფენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აანონსებენ. საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის, "რაიდტექ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებელთა მონაცემები ევროკავშირში მდებარე სერვერებზე ინახება.