ოთხშაბათს დილით რამდენიმე რუსულმა დრონმა NATO-ს წევრი ქვეყნის რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ბუქარესტმა საკუთარი გამანადგურებლები, ორი F-16 და გერმანული Eurofighter-ები ჰაერში აუშვა. მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისაკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ არსებობდა დრონებით სამოქალაქო ობიექტების დაზიანების რისკი. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საფრთხე გადავლილია და ყველა უპილოტო საფრენი აპარატი უკვე განეიტრალებულია.
რუმინეთში მომხდარის ფონზე, გამანადგურებელი თვითმფრინავები პოლონეთის თავდაცვის ძალებმაც აუშვა. როგორც ოფიციალური ვარშავა განმარტავს, ამ შემთხვევაში მიზეზი არა დრონების შეფრენა, არამედ შესაძლო საფრთხის დროული აღმოჩენა და განეიტრალება იყო. ქვეყანამ ადრეული შეტყობინებების, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. დროებით დაიხურა რჟესჟოვისა და ლუბლინის აეროპორტები.
ცნობისთვის, დღეს დილით რუმინეთში დრონების შეფრენას წინ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასირებული შეტევა უძღოდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, კრემლმა 470 უპილოტო საფრენი აპარატი და 48 რაკეტა გამოიყენა. კამიკაძე დრონები სამოქალაქო ობიექტებსაც მოხვდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ამასთან, დაზიანდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.




























