ირლანდიურმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Ryanair-მა ალბანეთში მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების შესახებ განაცხადა. ამას გარდა, 2026 წლიდან ავიაკომპანია ტირანადან 20 ახალ მიმართულებას დაამატებს, მათ შორის ბადენ-ბადენის, ვროცლავის და ალგეროს მიმართულებით.
ამ ეტაპზე ბიუჯეტური ავიაკომპანია ალბანეთის დედაქალაქიდან 23 მიმართულებით უკვე დაფრინავს. როგორც Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო’ლირი Facebook-ზე წერს, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 400 მლნ დოლარია.
"Ryanair სიხარულით აცხადებს, რომ 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის ტირანაში მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავი ეყოლება, რაც გააფართოებს ავიაკომპანიის ბაზრის წილს ალბანეთში და უზრუნველყოფს 43 მარშრუტს 2026 წლის ზაფხულისთვის, მათ შორის 20 ახალ და საინტერესო მიმართულებას", - აცხადებს მაიკლ ო’ლირი.
ირლანდიური ბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში მცირე ხნით პანდემიამდე დაფრინავდა, თუმცა Covid 19-ის დასრულების შემდეგ ფრენა აღარ გაუგრძელებია. ამ პერიოდში ევროპის უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში 21 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. Ryanair-ი თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.



























