სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტო ფონდს შექმნის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება.
მისი განმარტებით, ფონდში სააგენტო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება, დანარჩენი თანხის მოზიდვა კი სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მოხდება.
მიხეილ ხიდურელის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა მიმდინარე წლის 17 აპრილს შედგება.
„სააგენტო შექმნის ფონდს, სადაც ის იქნება ლიმიტირებული პარტნიორი და დანარჩენი თანხის მოზიდვა მოხდება სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ესენი იქნებიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის შეიძლება იყვნენ კერძო, როგორც ქართველი ისე უცხოელი ინვესტორები.
სააგენტოს ფონდში გადაწყვეტილების მიღების როლი არ ექნება, ჩვენ ლიმიტირებული პარტნიორი ვიქნებით. ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდი, რომელიც ამ წარმატებულ ბიზნესებს დაეხმარება, რომ მათ ბანკის ალტერნატივა ჰქონდეთ, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა განვითარდა, ბანკებთან ერთად კაპიტალური ბაზარი შეიქმნა.
ამ საკითხზე, ჩვიდმეტ აპრილს გვექნება შეხვედრა პოტენციურ პარტნიორებთან“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.