მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტო გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის რეგულირებას იწყებს - რას გულისხმობს წესი?

ავიაცია
29.11.23 14:23
136

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შედის.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სტანდარტის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვით, სააგენტო გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის საკითხის რეგულირებას პირველად ახდენს.

მათივე განმარტებით, წესი შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართით გათვალისწინებული სტანდარტის (CORSIA) შესაბამისად და მისი მიზანია საერთაშორისო ფრენებზე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება და კომპენსაცია, რაც საბოლოო ჯამში ატმოსფეროზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყოფს. CORSIA-ს სქემა შემდეგ მექანიზმებს ითვალისწინებს:

CO2-ის შემცირება, ბიოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენების ხარჯზე და უკვე გამოყოფილი CO2-ის კომპენსაცია, ავიაგადამზიდავების მიერ გამონაბოლქვების ერთეულების შესყიდვისა და გაუქმების გზით, რაც ნახშირორჟანგის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე (ავიაკომპანიებზე), რომლებიც 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (თვითმფრინავის) ექსპლუატაციას ახორციელებენ და რომელთა მიერ ამავე საჰაერო ხომალდების ფრენის შედეგად საერთაშორისო ფრენებზე წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი 10 000 ტონას აღემატება.

შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდავები ვალდებულები იქნებიან აღრიცხონ მათ მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან შესრულებულ საერთაშორისო ფრენებზე და დააკომპენსირონ იგი ან წინასწარ იზრუნონ მის შემცირებაზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წესის მოქმედების ფარგლებში, სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს ავიაგადამზიდავების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში გამოყოფილი CO2-ის მონიტორინგს, შეითანხმებს ამგვარი მონიტორინგის მეთოდიკას და განახორციელებს თითოეული ავიაგადამზიდავისთვის CO2-ის საკომპენსაციო ოდენობის დაანგარიშებას.

"აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ახალი გარემოს დაცვითი სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და სრულად უზრუნველყო ინდუსტრიის ინფორმირება წესის დანერგვის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. ავიაგადამზიდველების წარმომადგენლებს არაერთგზის მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ტექნიკური ხასიათის შეხვედრებს, მათ შორის ადგილობრივ და ICAO-ს ეგიდით ორგანიზებულ სემინარებს.

CORSIA-ს დანერგვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ICAO-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც საწყის, საპილოტე ეტაპზევე დაიწყო სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა და უზრუნველყო პროცესში ინდუსტრიის მაქსიმალური ჩართულობა", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ახალი რეგულაცია გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები