კონკურენციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სახელის ცვლილება და ფიქსირებული ჯარიმების დაწესება იგეგმება. პარლამენტში ინიცირებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მიხედვით, ტექნიკურ ცვლილებებთან ერთად იგეგმება ასევე საჩივრის გახმობის ვადაც.
აღნიშნული კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით 26 ოქტომბერს განიხილა და მხარი დაუჭირა. პარლამენტის კომიტეტში კანონში შესატანი ცვლილებები მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი კომიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა წარადგინა. მისი თქმით: „2022 წელს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, სააგენტოს მანდატი გაფართოვდა და მისი უფლებამოსილებების ქვეშ მომხმარებელთა უფლებების დაცვა მოექცა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების ცნობიერების უფრო მეტად ამაღლებისთვის, მიზანშეწონილია სააგენტოს დასახელებაში აისახოს ეს ფუნქცია და ჩამოყალიბდეს შემდეგი დასახელებით - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო“. კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები მიზნად ისახავს მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მანდატის გაფართოების სააგენტოს დასახელებაში ასახვასა და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას, მისი არ მიღების შემთხვევაში კი სააგენტოს საქმიანობის პროცესში გარკვეული ხარვეზები და უზუსტობები იჩენს თავს, რაც ხელს შეუშლის უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად კანონში არსებული შინაარსობრივი და ტექნიკური ხარვეზები გამოსწორდება, ღიად არსებული რამდენიმე საკითხი დაკონკრეტდება, რაც, საბოლოო ჯამში, სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის, რაც ქვეყნის საბაზრო სტრუქტურაზე, ეკონომიკური აგენტების საქმიანობასა და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე დადებითად აისახება.
დაგეგმილი ცვლილებებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სახელწოდება 2024 წლიდან იცვლება და „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო“ ეწოდება. გარდა ამისა ცვლილებების პროექტით, ტექნიკურ საკითხებთან ერთად კანონის 33-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებები ფიქსირებული ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.
კონკრეტულად, 33-ე მუხლის მე-4 პუნქტში ხდება დაკონკრეტება და ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე ფიზიკური პირისათვის - 10 000 ლარის ოდენობით (შესაბამისი ვალდებულების დარღვევისათვის). „ვინაიდან მოქმედ რედაქციაში მითითება იყო მხოლოდ ეკონომიკურ აგენტზე და ჯარიმის გამოანგარიშება ხდებოდა მისი წლიური ბრუნვიდან, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში არარელევანტურია“ - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციით, კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს.
ამასთან, ამავე მუხლის მე-6 პუნქტს 61 პუნქტი ემატება , რომლის მიხედვითაც, გაწერილია ადგილზე შემოწმების განხორციელებაში ხელის შეშლისთვის ჯარიმის ოდენობა. „აღნიშნული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს, განმეორებით შემთხვევაში კი - 20 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მსგავსი ტიპის დარღვევისთვის ჯარიმა ეკონომიკური აგენტის ბრუნვის 1%-ია“.
მეექვსე პუნქტს დაემატება ასევე 62 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაჯარიმების წელს რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების ერთობლივი შემოსავლის დათვლის წესი ზუსტდება.
„კერძოდ, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლის ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გამოითვლება ეკონომიკური აგენტის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ერთობლივი შემოსავლით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამავე კანონპროექტით, ზუსტდება მე-9 პუნქტის შინაარსი და საჩივრის გახმობის ვადა იზღუდება. „ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად გამოყენების რისკის გამო, მნიშვნელოვანია
მომჩივანს საჩივრის გახმობის ვადა ჰქონდეს სააგენტოს მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების პროექტის გაგზავნამდე, რადგან, სხვა შემთხვევაში, მაგალითისთვის, როდესაც მომჩივანი გაეცნობა სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტს და ნახავს, რომ უწყებას მისი სასარგებლო პოზიცია არ აქვს, შესაძლოა ბოლო ეტაპზე გაიხმოს საჩივარი და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაწეული მუშაობა ფუჭი აღმოჩნდეს (პრაქტიკაში მსგავსი პრობლემა დადგა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან კონკრეტული მოკვლევის განხორციელების პროცესში)“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შედის. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (ჯარიმა ადგილზე შემოწმების ხელის შეშლისათვის) ძალაში 2024 წლის პირველი აპრილიდან შევა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალას.
რაც შეეხება კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯებს დაფინანსებას, ეს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში მოხდება. „პროექტი არ ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს დამატებითი დაფინანსების აუცილებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სააგენტო არსებული რესურსის (საბიუჯეტო და ადამიანური) ფარგლებში განახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას“, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.