მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება - "კუმისის" დირექტორი

გოგიტა მაისურაძე

"კუმისის" დირექტორის, გოგიტა მაისურაძის თქმით, სააღდგომოდ კვერცხის ფასის ზრდა არ იგეგმება. რაც შეეხება შედარებით შორეულ პროგნოზს ფასებთან დაკავშირებით, Bm.ge-სთან ინტერვიუში მაისურაძემ აღნიშნა, რომ ამის ძირითადი განმსაზღვრელი ქათმის საკვები პროდუქტის, მარცვლეულის ხარჯები იქნება.

„სააღდგომოდ სააქციო აქტივობები გვექნება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კვერცხის ფასი არ გაიზრდება. თუმცა, ზოგადად, ფასების პოლიტიკას განსაზღვრავს საკვების თვითღირებულება, ჩვენს შემთხვევაში ხორბალი. ივნის-ივლისში დავიწყებთ ადგილობრივი ფერმერებისგან შესყიდვას, და შემდეგ უკვე ბაზარზე იმპორტირებულიც გამოჩნდება. სანამ ხორბლის და სიმინდის მოსავალი არ მოვა, იმის თქმა, რომ კვერცხის ფასი შემცირდება ან გაიზრდება, არის რთული", - განმარტა გოგიტა მაისურაძემ.

ამასთან, „კუმისის“ დირექტორის თქმით, ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ თუ კომპანიას ფასის ქვემოთ წამოსვლა მოუწია, ეს მოხდება მათივე მარჟის ხარჯზე. „გაძვირების ტენდენციაზე კი არ ვფიქრობთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ვარაუდები. ამ საკითხზე სიცხადეს მოგვიტანს მარცვლეულის მოსავალი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რეალიზაციას, როგორც გოგიტა მაისურაძე ამბობს, კომპანიის ძირითადი ინდიკატორი ძირითადად აღდგომა და ახალი წელია. სააღდგომო პერიოდის გავლის შემდეგ, 2024 წლის პირველი ოთხი თვის ჭრილში კომპანიას გარკვეული პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობა ექნება.

ცნობისთვის, „კუმისი“ საშუალოდ დღეში 200 000 ცალ კვერცხს აწარმოებს. კომპანია კვერცხის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები