მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში სასურსათო ქათმის კვერცხის იმპორტი არ დაფიქსირებულა. ამის მიზეზად „კუმისის“ დირექტორი, გოგიტა მაისურაძე თურქეთში შექმნილ დეფიციტს ასახელებს.აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოსთვის კვერცხის ერთადერთი საიმპორტო ქვეყანაა 2021 წლის შემდეგ. ამჟამად შეჩერებული იმპორტი კი თურქეთში გავრცელებულ ფრინველის გრიპს უკავშირდება.
როგორც გოგიტა მაისურაძემ bm.ge-სთან ინტერვიუსას განაცხადა, გავრცელებული ვირუსის გამო თურქეთში მილიონობით ფრინველი დახოცეს. ამის შემდეგ კი სამთვიანი კარანტინიც ცხადდება. სწორედ ეს იწვევს წარმოების შემცირებას, რაც საქართველოში კვერცხის იმპორტზეც აისახება.
„თურქეთში ვეტერინარული პრობლემის გამო სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. შემცირდა ფრინველის რაოდენობა. ამას გარდა, ამერიკას აქვს კვერცხის მიწოდების პრობლემა. თურქეთიდან აპირებდნენ გატანას ამერიკაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბაზარი მათთვის მიმზიდველიც აღარ არ არის“, - აღნიშნა bm.ge-სთან ინტერვიუში გოგიტა მაისურაძემ.
მან ფრინველის გრიპის საქართველოში გავრცელების საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კუმისის“ წარმოებას მაქსიმალურად გამკაცრებული აქვს ბიოუსაფრთხოების წესები იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევის პრევენცია მოხდეს.
„ფრინველის გრიპზე ვაქცინაცია ევროპაში რამდენიმე წელია დაიწყეს, ბევრ ქვეყანაში ამ დრომდე ლიცენზირებული ჯერაც არ არის. ყველაზე რისკიანია მაღალპათოგენური გრიპი, ვინაიდან ის ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს და თავად ფრინველი კვდება. საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, რაც ძალიან კარგია.
ჩვენ პრევენციული ღონისძიებების კუთხით ვცდილობთ ბიოუსაფრთხოების გამკაცრებას. თუმცა, ვირუსი იმდენად ვერაგია, რომ სრული პრევენცია შეუძლებელია. ის ვრცელდება მარტივად. ვცდილობთ, ფრინველს იმუნიტეტი ძლიერი ჰქონდეს და ყურადღებით ვაკვირდებით ახლომდებარე ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, ვინაიდან მჭიდრო კავშირები გვაქვს მათთან შესაფუთ მასალებზე, ნედლეულის გამოყენებაზე და ა.შ“, - განმარტა „კუმისის“ დირექტორმა.
ცნობისთვის, საქართველოში კვერცხი 2022 წლამდე უკრაინიდანაც შემოდიოდა, თუმცა ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი დარჩა. საქსტატის თანახმად, სასურსათო ქათმის კვერცხის იმპორტმა გასულ წელს, ჯამურად 836 550 აშშ დოლარის ღირებულების 18 406 ცალი კვერცხი შეადგინა. 2023 წელს უფრო მეტი - 1,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 39 697 ცალი შინაური ქათმის ახალი კვერცხი შემოვიტანეთ.