მიმდინარე წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მაგალითად, 2023 წლის 5 თვეში საქართველოში თითქმის 30 მლნ ცალი კვერცხია იმპორტირებული, ჯამური ღირებულებით 3.2 მლნ დოლარი, მაშინ როცა მთლიანად 2022 წლის განმავლობაში 36.5 მლნ ცალი კვერცხი იყო შემოტანილი და იმპორტის ღირებულება 5.8 მლნ დოლარს შეადგენდა. კვერცხის იმპორტის თითქმის 99% თურქეთზე მოდის.
მეფრინველეობის სექტორში აცხადებენ, რომ საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზი თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირას გაუფასურებაა. მათივე თქმით, კვერცხი თურქეთიდან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც თურქული პროდუქციისთვის ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენციის გაწევა უჭირთ. აღნიშნულ გამოწვევაზე bm.ge-სთან „კუმისის“ დირექტორი, გოგიტა მაისურაძეც საუბრობს.
„კონკურენციას მეტ-ნაკლებად ვუწევთ, მაგრამ თუ მაგალითად, თურქული კვერცხი 10 თეთრი ღირს, და ჩვენ იგივე სავაჭრო ქსელში მას 20 თეთრად შევიტანთ, ჩვენი კვერცხიც გაიყიდება, მაგრამ ძალიან ცოტა და ძალიან გვიან და შემდეგ უკან დაგვიბრუნდება ეს მალფუჭებადი პროდუქტი. ამიტომ გვიწევს, რომ ბაზარს კვერცხი მივაწოდოთ დაახლოებით იმავე ფასში, რაც თურქული პროდუქცია ღირს. ამის გამო, ზოგჯერ ჩვენი თვითღირებულების ზღვარზე გავდივართ“, - აცხადებს „კუმისის“ დირექტორი.
აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისას, მეფრინველეობის სექტორი ბოლო პერიოდში თურქი მწარმოებლების მიერ საქართველოში დემპინგური ფასებით ოპერირების შესახებ აცხადებენ. თუმცა, ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ანტიდემპინგური სამსახურისთვის არ მიუმართავთ.
„მე არ ვაკნინებ რომელიმე სამსახურს, თუმცა იქ იმდენად დროში გაწერილი პროცედურებია, ამას სჭირდება კვირები, რათა მოხდეს მოკვლევა, რომელიც ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაა. აქედან გამომდინარე, მარტივი მეთოდია, შექმნილ ვითარებას ფასით ვებრძოლოთ. ამასთან, ვთხოვოთ სახელმწიფო უწყებებს, რომ როგორც ჩვენ გვამოწმებენ სრული დარტვირთვით ევრორეგულაციების და სხვადასხვა კანონის შესაბამისად, მათაც იგივე შეეხოთ. შემდეგ უკვე კონკურენცია უნდა გავუწიოთ, სხვა გზა არ არის“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხზე სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ხშირად აქვთ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.
ცნობისთვის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 161.4 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3%-ით ნაკლებია.