მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კუმისი": გაყიდვები 5-10%-ით შეგვიმცირდა

კუმისი კვერცხი

კვერცხის მწარმოებელ კომპანია „კუმისს“ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 5-10%-ით შეუმცირდა.

ამის მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელი გოგიტა მაისურაძე Bm.ge-სთან ინტერვიუში რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, პირველ რიგში ეს უკავშირდება გასულ წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, საქართველოში მიგრანტების გაზრდილ ნაკადს.

„ვიცით, რომ გასულ წელს, ომის გამო რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან საქართველოში ადამიანების შემოდინება დაფიქსირდა. ამან განაპირობა ისიც, რომ კვერცხის მოხმარება გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ კვერცხი სწრაფად მომზადებადი პროდუქტია. მსგავსი ტენდენცია ალბათ სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც იქნებოდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გასულ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ფეხი აგვეწყო მოთხოვნისთვის და ჩვენი პროდუქტის დეფიციტი არ შექმნილიყო. წელს, შემოდინება ნაკლებია, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა წარმოება, თუმცა კლება წინა წელთან შედარებით იყო“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სექტორში პრობლემები შექმნა თურქეთიდან კვერცხის იმპორტის ზრდამ, ვინაიდან ადგილობრივ მწარმოებლებს ფასში კონკურენციის გაწევა თურქული პროდუქტისთვის უჭირთ.

„კონკურენციას მეტნაკლებად ვუწევთ, მაგრამ თუ მაგალითად, თურქული კვერცხი 10 თეთრი ღირს, და ჩვენ იგივე სავაჭრო ქსელში მას 20 თეთრად შევიტანთ, ჩვენი კვერცხიც გაიყიდება, მაგრამ ძალიან ცოტა და ძალიან გვიან და შემდეგ უკან დაგვიბრუნდება ეს მალფუჭებადი პროდუქტი. ამიტომ გვიწევს, რომ ბაზარს კვერცხი მივაწოდოთ დაახლოებით იმავე ფასში, რაც თურქული პროდუქცია ღირს. ამის გამო, ზოგჯერ ჩვენი თვითღირებულების ზღვარზე გავდივართ“, - აცხადებს „კუმისის“ დირექტორი.

მისივე თქმით, „კუმისი“ თვის განმავლობაში ამ ეტაპზე დაახლოებით 0,5 მლნ კვერცხს აწარმოებს.

ცნობისთვის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 161.4 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები