მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს რეალიზაცია შეგვიმცირდა, თუმცა არა რადიკალურად" - "კუმისი"

კუმისი კვერცხი

წინა წელთან შედარებით, რეალიზაცია შეგვიმცირდა, თუმცა არა რადიკალურად, - ამის შესახებ bm.ge-ის კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისის“ დირექტორმა, გოგიტა მაისურაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის პირველ სამ თვეში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კვერცხის რეალიზაცია კომპანიას 5-7%-ით შეუმცირდა.

„ველოდებით, რომ 2024 წელი 2023 წელზე უკეთესი არ იქნება. თუმცა იმას, რომ რადიკალურად მოგვიწევს წარმოების შემცირება, ვერ ვიტყვით, მაგრამ გადახედვა ყველა ვარიანტში დაგვჭირდება. ხოლო, თუ როგორ გადავეწყობით, ამ კუთხით გადამწყვეტი სააღდგომო პერიოდი იქნება. კვერცხის ყველაზე დიდ რაოდენობას, ბუნებრივია, სწორედ აღდგომის პერიოდში ვყიდით“, - აღნიშნა გოგიტა მაისურაძემ.

ამასთან, როგორც "კუმისის" დირექტორმა აღნიშნა, კვერცხის ინდუსტრიაში პრობლემას ქმნის ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის შემცირებაც, რაც პროდუქტის რეალიზაციაზე პირდაპირ აისახება.

"კვერცხის ინდუსტრიაში პრობლემას ქმნის ისიც, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა არის შემცირებული. მათ შორის ვგულისხმობ დროებით საცხოვრებლად გადმოსულ უცხოელებსაც. კვერცხი, პური და შაქარი ის საკვები პროდუქტებია, რომელსაც ტურისტი ხშირად მოიხმარს ვიზიტის დროს. ტურისტების ნაკლები რაოდენობა ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ ნაკლები რეალიზაციაა, რაც გაყიდვებზეც აისახება“, - აღნიშნა გოგიტა მაისურაძემ.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოში უცხოეთიდან 981.32 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 3,6 მლნ ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (1 029.35 ათასი დოლარის 12,2 მლნ ცალი) ნაკლებია. ცნობისთვის, გასული წელი კვერცხის იმპორტის თვალსაზრისით რეკორდული იყო, ვინაიდან ქვეყანაში 62,2 მლნ ცალი კვერცხი შემოვიდა, ძირითადად თურქეთიდან.

“წელს, 2023 წელთან შედარებით კვერცხის იმპორტის თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. თუმცა, რა გახდა ამის მიზეზი, ვერ გეტყვით. იმპორტის ახლანდელ რაოდენობას კი მნიშვნელოვნად ხელისშემშლელ ფაქტორს ვერ ვუწოდებ. ეს საკითხი გასულ წელს ჩვენთვის გაცილებით უფრო სენსიტიური იყო. იმპორტირებული კვერცხი, ფაქტობრივად, იგივე ფასს იმეორებს, როგორც შარშან, შეიძლება უფრო ნაკლებადაც. თუმცა რთულია ვთქვათ, ეს რისგან არის გამოწვეული. ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ ეს მალფუჭებადი პროდუქციაა", - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.

ცნობისთვის, „კუმისი“ საშუალოდ დღეში 200 000 ცალ კვერცხს აწარმოებს. კომპანია კვერცხის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები