მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კუმისი": საწარმოში პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციას ვცდილობთ

კვერცხი

კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისი“ ავტომატიზაციის პროცესებს ნერგავს. როგორც კომპანიის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, საწარმოში ავტომატიზაციის დანერგვის პროცესი, სავარაუდოდ 2025 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

„ვცდილობთ, საწარმოში მაქსიმალური ავტომატიზაცია დავნერგოთ. კვერცხი ისეთი სასურსათო პროდუქტია, რომელიც მარტივად მტვრევადია, ამიტომ რაც ნაკლებად შევეხებით წარმოების პროცესში მას ხელით, უკეთესია“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით კომპანია გარკვეულ ინვესტიციებს ახორციელებს.

მისივე თქმით, ინვესტიციებს მოითხოვს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილებაც, რომელთაც ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იღებს.

„წარმოების კუთხით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ახალ რეგულაციებს ავუწყოთ ფეხი. ამ კუთხით სახელმწიფოს სტრუქტურებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვიცით, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თითქმის ყოველთვიურად ახალი რეგულაცია შემოდის. ჩვენც მივყვებით ამას, თუმცა ეს მოითხოვს ადამიანურ რესურსებს, ფულად სახსრებს და ინვესტიციებს. ამავდროულად გვაქვს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის შრომის უსაფრთხოების რეგულაციასთან, პერსონალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით, ამ კუთხით პროცესების დახვეწისკენ მივდივართ.

გარდა ამისა, 2026 წელს, შემდეგ 2030 და 2035 წელს, ახალი რეგულაციები შემოდის, რომელზეც ევროპა უკვე გადასულია. ასე მაგალითად, ახლა თუ 1 კვ მეტრზე გარკვეული რაოდენობის ფრინველი გყავს განთავსებული, შემდეგ ამ ფართობის გაზრდა იქნება საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ დამატებითი ადგილი, ახალი გალიები, დანადგარები და ა.შ. იქნება საჭირო. ეს კი ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს წინასწარ გავითვალისწინოთ, რათა ახალი რეგულაციების დანერგვის გარდამავალ ეტაპს მომზადებული შევხვდეთ. ეს რა რაოდენობის ინვესტიციებს მოითხოვს ჩვენგან საერთო ჯამში, რთული სათქმელია. თუმცა ამის ხარჯებში გათვალისწინება ეტაპობრივად მოგვიწევს“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები