მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმპორტირებული კვერცხის ფასთან კონკურენციის გაწევა გვიჭირს" - "კუმისი"

6465c4af8f89d
თინათინ ნატმელაძე
19.05.23 10:00
964
2023 წელს გასულ წლებთან შედარებით, ქათმის სასურსათო კვერცხის იმპორტი საგრძნობლად გაზრდილია. კერძოდ, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თუ 2022 წელს კვერცხის სრული იმპორტი 743 000 დოლარის ღირებულების იყო და 1,135 ტონას შეადგენდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კვერცხის იმპორტში ქვეყანამ უკვე 684 000 დოლარის ოდენობის თანხა გადაიხადა და მოცულობამ 984 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის მთლიან რაოდენობას თითქმის უტოლდება.

იმპორტის ზრდა გამოწვევაა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და როგორც "კუმისის" დირექტორი გოგიტა მაისურაძე BMG-სთან საუბრისას ყვება, პირველ რიგში, საჭიროა, რომ საზღვრის კონტროლთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობა გაიზარდოს.

"რეალურად საზღვარს ვერ ჩავკეტავთ, მაგრამ აუცილებელია იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის მკაცრი კონტროლი.

იმპორტირებული, უმთავრესად თურქული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში შემოდის ძალიან დაბალ ფასად, რაც იქიდანაა განპირობებული, რომ თურქეთს საკმაოდ ჭარბი წარმოებები აქვს, კვერცხი კი მალფუჭებადი პროდუქციაა, ამიტომ გადაყრას ურჩევნიათ, რომ დაბალ ფასში გაყიდონ", - აცხადებს გოგიტა მაისურაძე.

"კუმისის" დირექტორი ამბობს იმასაც, რომ თურქეთში წარმოების პროცესიც გამარტივებულია, ამაში ჩართულია სახელმწიფოც და ეს, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასზეც აისახება.

"ჩვენთვის გაუგებარია, რამდენია თურქული პროდუქციის თვითღირებულება, თუმცა სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, რადიკალურად განსხვავებულია ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულის ფასი.

კონკურენციის გაწევა ფასთან მიმართებაში ერთაზროვნად გვიჭირს, თუმცა ხარისხს ეს არ ეხება.

თურქული პროდუქცია იყიდება ძალიან მარტივად, რა თქმა უნდა, ჯერ დაბალფასიანი პროდუქტი იყიდება, რადგან ჩვენი მოსახლეობა დაბალ მსყიდველუნარიანია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმპორტირებულს კონკურენცია გავუწიოთ და მისი ჩანაცვლება მოვახერხოთ", - ამბობს გოგიტა მაისურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები