მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს იმ შაბიამანივით არის, რომელიც არ გვჭირდება და მაინც შემოდის - უჩუმბეგაშვილი თურქული კვერცხის იმპორტზე

64a3012217fbd
ალა ისპირიანი
03.07.23 21:30
2226
მეფრინველეობის სექტორმა, თურქი მწარმოებლების მიერ საქართველოში დემპინგური ფასებით ოპერირების გამო, შესაძლოა, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს. მეფრინველეობის სექტორში აცხადებენ, რომ თურქეთში ეროვნული ვალუტის ლირას გაუფასურების ფონზე, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან კვერცხის იმპორტი გაზრდილია, პროდუქცია კი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ "კუმისი"-ს დამფუძნებელმა და "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა,თურქული კვერცხის იმპორტი საქართველოში საჭირო არ არის, მაგრამ მაინც შემოდის.

„თუ კვერცხის იმპორტი კიდევ გაიზარდა, რა დღეშიც მეხორბლეები არიან ჩვენც ჩავარდებით. საქმე ის არის, რომ ყველა ის თანმდევი პარალელური ბიზნესი, რომელიც მეფრინველეობის განვითარებისთვის არის საჭირო საქართველოში არ არის განვითარებული. მეფრინველეობა განვავითარეთ, მაგრამ არ არის მუყაოს ყუთების წარმოება, ფირფიტების, ანუ ე.წ ლატოკის წარმოება და ა.შ, თურქეთში კი შესაფუთი მასალები იაფია და ყველაფერი თურქეთიდან შემოდის. ასევე სახელმწიფოსგან სერიოზული დახმარება აქვს თითქმის მეფრინველეობას - თურქეთის მთავრობა თითოეულ გატანილ კვერცხზე თანხას უხდის, ასუბსიდირებს. ფასით კონკურენცია ვერ გამოვა რადგან მათ უფრო იაფი უჯდებათ.

დემპინგის დადასტურება ცოტა სწრაფი ტემპით რომ ხდებოდეს, ძალიან მარტივი იქნებოდა. დღეს საქართველოში თურქული კვერცხი რაღაც ფასად ხომ შემოდის და ეს უნდა შევადაროთ თურქეთში რა ფასადაც იყიდება და მაშინვე დადასტურდება რომ ეს დემპინგია. ის რაოდენობა რომელიც საქართველოში შემოდის ჭარბია და ბაზრისთვის მიუღებელი. კანონით კი ამის დადასტურება მარტივად არ ხდება, მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი და დროში გაჭიმული.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმპორტი შემოდის და კვერცხის ფასზე ეს არ აისახება. ხომ შეიძლება ვთქვათ, რომ იმპორტი შემოდის, რომ მოსახლეობას იაფი პროდუქცია მიეწოდოს, მაგრამ არა, ეს იმ შაბიამანივით არის რომელიც არ გვჭირდება და მაინც შემოდის. არც ფასს აგდებს და არც რაოდენობა არ გვჭირდება უბრალოდ ურტყამს ქართველ ფერმერს და წარმოებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ უკვე ბევრი წელია ამ პრობლემაზე საუბრობენ თუმცა უშედეგოდ.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის 5 თვეში საქართველოში თითქმის 30 მლნ ცალი კვერცხია იმპორტირებული, ჯამური ღირებულებით 3.2 მლნ დოლარი, 2022 წელს მთელი წლის განმავლობაში 36.5 მლნ ცალი კვერცხი იყო შემოტანილი, იმპორტის ღირებულება 5.8 მლნ დოლარს შეადგენდა. თითქმის 99% თურქეთიდან იმპორტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები