მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თურქეთიდან სასურსათო კვერცხის იმპორტი სასწაული ტემპით იზრდება” - მეფრინველეობის ასოციაცია გამოწვევებზე

643e4cea6c231
ნინი ლონგურაშვილი
18.04.23 12:17
1394

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 457 480 დოლარის ღირებულების კვერცხის იმპორტი განხორციელდა. საიდანაც 189 780 დოლარის ღირებულების იანვარში, ხოლო 267 700 დოლარის ღირებულების თებერვალში შემოვიდა. მეფრინველეობის ასოციაციაში ამბობენ, რომ იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია.

ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, იმპორტის ზრდა ადგილობრივ წარმოებაზე ცუდად მოქმედებს და არც ფასზე ახდენს გავლენას.

“იმპორტის საკითხი მეფრინველეობის დარგს დიდი ხანია გვაწუხებს, ვითხოვთ სხვადასხვა მექანიზმების და ბერკეტების გამოყენებას. თურქეთი ძალიან არასტაბილური ქვეყანაა, მიწისძვრებმა და სხვადასხვა ფაქტორმა კვერცხზე მოთხოვნის კლება გამოიწვია, შესაბამისად, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც უპრობლემოდ შეუძლიათ კვერცხის შემოტანა. ქართველ მწარმოებლებს კი ნედლეული გაძვირებული გვაქვს, რამაც წლის ბოლოს 12%-იანი ზრდა გამოიწვია, ამ ყველაფერმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ თურქეთიდან სასურსათო კვერცხის იმპორტი სასწაული ტემპით იზრდება. გაზრდილი იმპორტი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ საწარმოებზე ცუდად მოქმედებს, სამწუხაროდ, ეს არც ფასზე ახდენს გავლენას, იმპორტის გაზრდა ადგილობრივ კვერცხზე ფასს არ შეამცირებს", - აღნიშნა მეფრინველეობის ასოციაციის დამფუძნებელმა.

ზურაბ უჩუმბეგაშვილი თურქეთიდან იმპორტის ზრდის მიზეზებს განმარტავს, ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ძირითად სამი იმპორტიორი ქვეყანა ჰყავდა: უკრაინა, ბელარუსი და თურქეთი. ომის შემდეგ კი მთავარი საიმპორტო ქვეყანა მხოლოდ თურქეთია.

“რუსეთ-უკრაინის ომმა უკრაინის და ბელარუსის გათიშვა გამოიწვია და დარჩა ერთადერთი ქვეყანა - თურქეთი, რომელიც აგრესიულად იქცევა. თურქეთი თვლის, რომ საქართველო მისი ბაზარია, არ ერიდება არც დემპინგს და არც ქართველებისთვის ზიანის მოტანას. გვქონდა საუბრები, თუმცა შედეგი არ გვაქვს, არანაირი წინსვლა ამ მიმართულებით არაა", - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები