რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდში ყველაზე რთული პერსონალთან ურთიერთობაა, რომელთა შესაძლო გათავისუფლებაც შეიძლება საჭირო გახდეს. ამის შესახებ მან ტურიზმის დარგის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში სასტუმროები დაცლილია და ჯამურად, დატვირთულობა თითქმის 5%-მდეა ჩამოსული.
„ქალაქის ცენტრში და თბილისის ცენტრალურ უბნებში ამ ეტაპზე, სასტუმროები დაცარიელებულია, ზოგიც დაკეტილია და იმის მაგივრად, რომ საახალწლო პრემიები გავცეთ, გვიწევს დალაპარაკება თუ რა მოხდება. ხვალ სამსახური ექნება თუ არა ამ ხალხს. შესაბამისად, ძალიან რთული პროცესია წინა საახალწლოდ ამ ადამიანებმა შეიძლება სამსახური დაკარგონ.
ეს გამოწვეულია იმით, რომ სასტუმროების დატვირთვა თითქმის 5%-ზეა ჩამოსული. რაც შეეხება რეგიონებს, გუდაურის მიმართულებით ჯავშნები ჯერჯერობით არის და არ გაუუქმებიათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჯავშნები არ გაუქმდება, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან. გუდაურის 60% ებრაელი ტურისტების მოლოდინშია. უნდა შევთანხმდეთ ერთზე, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბიზნესი ძალიან დაზარალდა და ამას როგორ გადაიტანს არ ვიცი“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.