მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საამიროები ომის გამო ქვეყნიდან გასული ექსპატებისთვის მოსაბრუნებლად საგადასახადო შეღავათებს აწესებს

uae

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება გეგმავს, საგადასახადო რეზიდენტობის წესები იმ უცხოელი სპეციალისტებისთვის, იგივე ექსპატებისთვის შეამსუბუქოს, ვინც ქვეყანა ირანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დატოვეს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მიზნად დუბაის, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის სტატუსის შენარჩუნებას ისახავს. თანაც იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოების რისკებმა და საჰაერო მიმოსვლის შეფერხებამ მაცხოვრებლების ნაწილი ქვეყნიდან გასვლაზე აიძულა, დუბაის კი უსაფრთხო ქალაქის სტატუსი ჩამოართვა.

როგორც ირკვევა, განახლებული რეგულაციებით, საგადასახადო რეზიდენტობისთვის პირს საამიროებში წელიწადში მინიმუმ 183 დღის გატარება მოუწევს. Financial Times-ის ცნობით, ახალი მიდგომით, ხელისუფლება თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად, თუმცა დაჩქარებულად განიხილავს და გაითვალისწინებს ფორსმაჟორულ გარემოებებს. იურისტების განცხადებით, ახლა დუბაისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს თავისი იმიჯი და ექსპატები, რადგან უსაფრთხოება ამ საამიროს ერთ-ერთ მთავარ „სავიზიტო ბარათად” მიიჩნეოდა.

აღსანიშნავია, რომ საამიროები განსაკუთრებულ გათვლას იმ ექსპატებზე აკეთებს, რომელთათვისაც ამჟამად დუბაიში დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა მათთვის არც სამშობლოში ჩასვლაა ხელსაყრელი. მაგალითისთვის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, რომლებმაც საამიროები უკვე დატოვეს, სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად დროებით თავი საფრანგეთსა და ირლანდიას შეაფარეს, რადგან გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა საგადასახადო რეზიდენტობის გააქტიურებისა და მათ გლობალურ შემოსავლებზე გადასახადების დაწესების ალბათობას აჩენს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ტიპის ადამიანებზეა გათვლილი ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც დუბაისა თუ საამიროების სხვა ქალაქებში ომამდე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები