არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ივნისში ნავთობის მოპოვება დღეში 3.8 მილიონ ბარელამდე გაზარდა. არსებული ინფორმაციით, ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია და მცირედით ჩამორჩება აქამდე დამყარებულ რეკორდს.
როგორც ცნობილია, საამიროებმა OPEC-ი და OPEC+-ის ალიანსი მიმდინარე წლის 1 მაისს დატოვა. იქამდე ქვეყანას ნავთობის წარმოებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება სურდა, თუმცა საუდის არაბეთი მსგავს ნაბიჯზე ვერ დაითანხმა.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, OPEC-ის დატოვებით აბუ-დაბიმ პირველად მოახერხა და წარმოების გაძლიერებაზე დახარჯული მრავალწლიანი ინვესტიციები რეალური შედეგით გაამართლა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ნავთობკომპანია ADNOC-ი უკვე ინვესტორების წინაშეც იყო ვალდებული, რომ ნავთობის ექსპორტი გაეზარდა და ამით მათთვის ფინანსური სარგებელი მოეტანა.
ცნობისთვის, აშშ-ირანის ომის დაწყებამდე, საამიროების ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა ძირითად შემთხვევებში დღეზე 3.4 მილიონ ბარელს არ სცდებოდა. OPEC-ის დატოვებამდე კი ეს მაჩვენებელი 2.1 მილიონამდე იყო შემცირებული.




























