თბილისის სააპელაციო სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხვალ, 12:00 საათზე გეგმავს.
ბაჩიაშვილი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა იგი დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
საბოლოო სასჯელად ამ საქმეზე ბაჩიაშვილის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების ნიშნით.




























