მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა

ბაჩიაშვილი

სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ძალაში დატოვა.

2025 წლის 10 მარტს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.მოსამართლემ ბაჩიაშვილს თანხის მითვისების ნაწილში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. მიუხედავად ამისა, 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა. 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილი სუსმა დააკავა.

ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები