იუსტიციის სამინისტრო საარბიტრაჟო დავების წარმოებისთვის დამატებით 20 მლნ ლარს ითხოვს. შედეგად, 2023 წელს იურიდიული და სხვა სახის საჭირო მომსახურებისთვის ჯამში, სავარაუდოდ, 70 მლნ ლარი დაიხარჯება. 20 მლნ ლარის მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვის უფლება იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო.
შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში სამინისტრო განმარტავს, რომ 2023 წლის განმავლობაში, საარბიტრაჟო დავებში იურიდიული და სხვა სახის საჭირო მომსახურებისთვის გათვალისწინებული იყო 50 მლნ ლარი, საიდანაც დღემდე ანაზღაურებულია 49 771 104 ლარი.
„მიმდინარე წლის 22 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის 2023 წლის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებებში შეტანილ იქნა ცვლილება და ქვეპროგრამაში – „არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა“ – არსებულ 50 000 000 ლარს დაემატა 8 500 000 ლარი. იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 2023 წელს იანვრიდან დღემდე ანაზღაურებულია 49 771 104.65 ლარი, თუმცა, არსებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გრძელდება წლის ბოლომდე და, სავარაუდოდ, იმოქმედებს მომდევნო წელსაც. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში წლის ბოლომდე გასაწევი სამუშაოების ანაზღაურებისთვის და, ასევე, 2023 წელს ორ ახალ საარბიტრაჟო დავაზე სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად სავარაუდო თანხა შეადგენს 20 000 000 ლარს“, - წერია წარდგენილ დოკუმენტებში.
როგორც BMG-სთვის არის ცნობილი, 2023 წელს დაწყებული ერთ-ერთი დავა შვეიცარიელ ინვესტორს რონალდ ვოლდმენს და შპს “ბაზელს” უკავშირდება. ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიტანა.