"საარჩევნო პროცესში მასიური, სისტემური დარღვევების შესახებ ცნობებმა, მათ შორის არჩევნების თარიღამდე, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ბიზნესსაზოგადოებაში", - ამის შესახებ აღნიშნულია ICC Georgia-ს განცხადებაში, რომელშიც გაერთიანება გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ბოლო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და მთავრობის მიერ საქართველოს ევროპული კურსის ცვლილების გამო.
ამასთან, ICC Georgia მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნესორგანიზაციებს, "დაგმონ ეს ანტიდემოკრატიული არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ჩვენი ევროპული გზიდან ნებისმიერი გადახვევის მცდელობა"
"დემოკრატიული პროცესების მთლიანობა ფუნდამენტურია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპებისადმი ქვეყნის ერთგულებისთვის, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ გადახრას ამ გზიდან რუსეთთან მორგებული პოზიციისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, ICC Georgia აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც გამოთქვა მსგავსი შეშფოთება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მიიჩნევს მას არალეგიტიმურად და მოწოდებას აკეთებს დემოკრატიული ნორმების დაცვისა და გამჭვირვალობისკენ.
"ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურად დაინტერესებულ ყველა მხარეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და დაცვა.
როგორც ევროპასთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტიური მონაწილე, ICC Georgia ხაზს უსვამს ამ ტრაექტორიის შენარჩუნებას ჩვენი ერის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და დაუყოვნებლივ ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წარმართავს ნეიტრალური საერთაშორისო ორგანოები, რათა ხალხის ნება თავისუფლად და ლეგიტიმურად იქნეს გამოხატული", - წერია განცხადებაში.
ICC Georgia არის ერთ-ერთი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც აგრძელებს საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერას როგორც ევროკავშირში, ასევე გლობალურ ბაზარზე.