ISFED-მა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ ინტერესების მიხედვით მოდიფიცირებული საარჩევნო სისტემის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელების პროცესი სამ ეტაპად და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით წარიმართა, თითოეული ცვლილების მიზანი კი "ქართული ოცნებისთვის" ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო.
"საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 4 ოქტომბერს ქვეყანაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მორიგი არჩევნები უნდა გაიმართოს. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ამომრჩევლები მუნიციპალიტეტის მერს ორტურიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ირჩევენ. საკრებულოს არჩევნები კი პარალელური ტიპის შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება - ამომრჩევლები ხმას აძლევენ შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პარტიულ სიას პროპორციულ კომპონენტში და ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქში წარდგენილ კანდიდატს მაჟორიტარულ კომპონენტში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის გამოყენებული საარჩევნო სისტემის ეს სახეობები 2025 წლისთვისაც უცვლელად ნარჩუნდება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს არჩევნებისთვის დადგენილ შერეულ საარჩევნო სისტემაში არაერთი განზომილება შეცვალა.
საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა არა საქართველოს კონსტიტუციით, არამედ უფრო დაბალი იერარქიის მქონე სამართლებრივი აქტით, ორგანული კანონით, განისაზღვრება. ამ ყოველივემ შესაძლებლობა მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, მორიგი მუნიციპალური არჩევნების წინა ან უშუალოდ კენჭისყრის წელს თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, შეეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მერის არჩევის წესი უცვლელი დარჩა, საკრებულოს არჩევნებისთვის 2021 წელს პარტიებს შორის კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული სამართლებრივი დიზაინი „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, სრულად შეცვალა, რაც მან ჯერ კიდევ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევის წესში ცვლილებები 3 ეტაპად განხორციელდა და თითოეული ცვლილება „ქართული ოცნების“ ინტერესებს მოერგო. საარჩევნო სისტემის მოდიფიცირების პროცესი, რომელმაც საარჩევნო მანიპულაციის სახე მიიღო, დაიწყო ერთპარტიულად, სხვა მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე და ამგვარადვე გაგრძელდა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოწვეული პარლამენტის მიერაც, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობს არცერთი ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანება, „ქართული ოცნების“ გარდა.
საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად განსაზღვრავს, როგორ ითარგმნება ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ ძალაუფლებაში და ვის მიენიჭება მმართველობის ლეგიტიმური მანდატი. სწორედ ის აყალიბებს წარმომადგენლობის ხარისხსა და დემოკრატიული პროცესის მთლიან სტრუქტურას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა წარმოადგენდეს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის პროდუქტს და მოქმედებდეს გონივრული სტაბილურობით. ვენეციის კომისიის კარგი პრაქტიკის კოდექსის თანახმად, მიუღებელია საარჩევნო სისტემის ხშირი ან უშუალოდ არჩევნების წინ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შეცვლა. ასეთი ცვლილებები კერძო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ ხდება მანიპულირების განზრახვით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მანიპულირების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა, ისეთი მგრძნობიარე საკითხი, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ოლქების ფორმირებისა და მათი საზღვრების დადგენის წესები, კონსტიტუციით ან რიგით კანონზე უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტით განისაზღვრებოდეს. სხვა შემთხვევაში საარჩევნო კანონის ცვლილებისას მომდევნო არჩევნები მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ძველი სისტემით (განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ არჩევნები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში უნდა გაიმართოს), ხოლო ახალი კანონი ძალაში მხოლოდ ამ არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს", - წერია ISFED-ის ანგარიშში.
იხილეთ სრულად: https://shorturl.at/4gWp1




























