ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის შეფასებით, „არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ საარჩევნო უბანს, სადაც იყო შეხლა-შემოხლა როგორც უბნის გარეთ, ისე უბანზე“.
ამის შესახებ მან ცესკოში გამართულ ტრადიციულ, 17:00 საათიან ბრიფინგზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ცესკო გმობს ყველანაირ ძალადობას.
„მნიშვნელოვანია დარღვევებზე რეაგირება, მაგრამ საარჩევნო უბნებზე მასშტაბური და სისტემური დარღვევები არ არის“, - თქვა მან.
ნათია იოსელიანის ინფორმაციითვე, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ამომრჩევლები მარტივად ახერხებენ ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემას. ამდენად, ამ დროისთვის ვთვლით, რომ ცესკომ მაღალი დონის სერვისი შესთავაზა ამომრჩეველს, მაგრამ თვალს არ ვარიდებთ იმას, რომ იყო შესაძლო ცალკეული დარღვევები უბნებზე, თუმცა ჩვენი მხრიდან იყო წამიერი რეაგირება ყველა საკითხთან მიმართებით და ადგილზე ხდებოდა ყველა პრობლემის აღმოფხვრა“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.