მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საათში 1.80 ლარი დაცინვაა“ - დეპუტატი ბიზნესს „ველურ დამოკიდებულებაში“ ადანაშაულებს

618102abe36ba
ინგა მურუსიძე
02.11.21 13:36
3247
პარტია „მოქალაქეების“ წევრი დეპუტატი ლევან იოსელიანი მომსახურეობის სფეროში დასაქმებულთა დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ამ საკითხზე პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს და იქვე დაანონსა, რომ „მოქალაქეებს“ აღნიშნულ თემაზე ინიციატივა ექნება და დეპუტატებს მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.

„მინდა, ვისაუბროთ მომსახურეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. სიახლე არ არის, რომ ამ ადამიანების გასამრჯელო არის უკიდურესად დაბალი, დაახლოებით, 300 ლარი. კომპანიების დამოკიდებულება კი ასეთია, თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, შეუძლიათ დატოვონ სამსახური. ჩაბრძანდით [დეპუტატებს] თქვენი ეზოს მაღაზიებში და ჰკითხეთ გამყიდველებს, რამდენი აქვთ ხელფასი. ასეთი ველური დამოკიდებულება ბიზნესის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არსად არ არის. სომხეთში, აზერბაიჯანში ხელფასის მინიმალური ზღვარია დაწესებული, რომლის დაბლაც ხელფასის გადახდა არ შეიძლება. მე არ ვარ მომხრე, სახელმწიფომ მოახვიოს თავზე თავისი პოზიცია, თუმცა ზუსტად ასეთი დამოკიდებულების გამოა, რომ მერე „გრინ ქარდზე“ ასობით ათას ადამიანს შეაქვს განაცხადი და ქვეყნიდან გაქცევა უნდა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დეპუტატი ამბობს, რომ დღეს თავს შეიკავებს, თუმცა მომავალში აუცილებლად დაასახელებს ბიზნესებს და კომპანიებს, ვინც ასე იქცევა და დასაქმებულებს შეუსაბამო ხელფასს უხდის.

„უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე ფიქრი. სხვაგან 10-20 დოლარს უხდიან საათში ადამიანებს. მესმის, რომ ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ამდენი გადავუხადოთ, მაგრამ 1.80 ლარი არის დაცინვა. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული ინიციატივები და მოგიწოდებთ, დავიცვათ ეს ადამიანები. ესენი არიან ძალიან დაჩაგრული ადამიანები და მათი უფლებები უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები