მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საათში 9 ლარი - რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი სახელფასო სისტემა დაინერგა

62dad6f347f27
თამთა ჯიჯავაძე
22.07.22 20:56
4108
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის შემოსავლების 90% სახელმწიფო პროგრამებით მიღებული დაფინანსებაა. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, კლინიკის ფინანსური მდგომარეობა, არსებული შემოსავალი და მარჟა იძლევა საშუალებას, რომ დღევანდელი ტარიფების პირობებში, საავადმყოფოში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა გაუმჯობესებული ანაზღაურება მიიღოს.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი - 1 080 ლარი; ექთნის - საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის - 3 ლარია, თვეში - 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება - ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს.

თემაზე საუბრისას ზურაბ აზარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს და საოპერაციო მოგების გათვალისწინებით, მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს სახელფასო სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები