მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავადმყოფოში შიდა ინფექციები საყურაღებო თემაა და ამაში ახალი არაფერია - თამარ გაბუნია

61cadf25e80a8
ინგა მურუსიძე
28.12.21 22:32
695
იმის თქმა, რომ Covid-ით დაღუპული ყველა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ინფექციის კონტროლს უკავშირდება, სწორი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ საქართველოში კორონაირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 13 646-ს შეადგენს. უკვე გადამდგარმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრეზენტაციაზე თქვა, რომ საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. მინისტრი სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო ექსპერტების ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის არასათანადო კონტროლია.

დღეს მედია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მინისტრის მოსაზრებას:

„ის, რაც ითქვა ქალბატონი მინისტრის მიერ ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც თავი კიდევ უფრო მეტად კოვიდ-პანდემიის დროს იჩინა. ეს არ არის ქართული ფენომენი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ახალ ვირუსებთან ერთად ანტიმიკრობული რეზისტენტობაა, როცა ანტიბიოტიკები ვეღარ მოქმედებენ იმ შტამებზე, რომელიც გავრცელებულია - ეს არის გლობალური გამოწვევა.

მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები. იმის თქმა, რომ ყველა ადამიანი, დღეს ვინც იღუპება კოვიდით, ეს არის ინფექციის კონტროლის ბრალი - ეს ასე არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, უნდა მოვერიდოთ თუ არა საავადმყოფოებს და რამდენად უსაფრთხოა პაციენტებისთვის იქ მოხვედრა, გამყრელიძე რეპლიკით პასუხობს: „არა ბატონო, ასე როგორ შეიძლება“.

„საავადმყოფოში ვისაც მკურნალობა და სტაციონარული დახმარება სჭირდება, ამის მორიდება როგორ შეიძლება. დღეს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები არსებობს, და როცა საჭიროა, ადამიანი უნდა მოთავსდეს კლინიკაში. როცა კლინიკების „ვარსკვლავიზაცია“ ხდება, ერთ-ერთი ინდიკატორი არის სწორედ ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის მექანიზმი. ეს მაჩვენებელი ყველა კლინიკაში უნდა იყოს 5-7-10%-ის ფარგლებში, თუ კლინიკა ამბობს, რომ 0% აქვს მაჩვენებელი, მაშინ ის იტყუება“, - ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას პოზიციას, ის ადასტურებს ყოფილი მინისტრის განცხადებას, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები და ინფექციის კონტროლს გაუსვეს ხაზი, თუმცა როგორც გაბუნია ამბობს, პრობლემა ახალი არ არის.

ის, რომ საავადმყოფოში შიდა ინფექციები საყურადღებო თემაა, ამაში ახალი არაფერია. ჯანმოს ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ინფექციების ანგარიშგების გაუმჯობესებას შეეხებოდა. ხაზგასმით ვამბობ, რომ საერთაშორისო ექსპერტებისგან მიღებულ ნებისმიერ დასკვნაში, მითითებულია, რომ კლინიკები ცალსახად ასრულებენ გაიდლაინებით მოწოდებულ რეკომენდაციებს, ინფექციის კონტროლის პირობებიც მაქსიმალური მონიტორინგით ხდება. ჩვენი მიზანია, რომ თუ არის ნოზოკომიური ინფექციის რისკი სადმე, ეს უნდა ვიცოდეთ. სწორედ ამაზეა საუბარი. თუ არ გაუმჯობესდა ანგარიშგების მექანიზმი, ეს რისკებს ზრდის, როგორც კოვიდის, ისე სხვა ინფექციების შემთხვევაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ინფექციის აღრიცხვიანობა უნდა გაუმჯობესდეს და გამოვლენა უნდა იყოს შესაბამისი.

„კოვიდთან დაკავშირებული გარდაცვალება არ არის მაღალი, აბსოლუტურ რიცხვებში რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, თუმცა კლინიკები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა გადაზღვეული იყოს ინფექციის კონტროლი“, - ამბობს თამარ გაბუნია.

ამ დროისთვის კოვიდის მართვაში 130 კლინიკაა ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები