მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო შემთხვევები ინდივიდუალური მორიგებით აღარ დამთავრდება, მხარე სადაზღვევო კომპანია იქნება - მიხეილ ჯაფარიძე

6455fd7d9fa84
ლიკა გურაბანიძე
06.05.23 13:49
2975
სადაზღვევო კომპანია "არდის" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ გადაცემა “საქმის კურსში” ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კანონის განხილვაში კომპანია აქტიურად მონაწილეობს.

როგორც მან განმარტა, კანონის თანახმად საავტომობილო შემთხვევები ინდივიდუალური მორიგებით მთავრდება და ეს ასე აღარ იქნება.

“ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის ჩაშვება მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ამ კანონპროექტის საბოლოო ფორმატი ისეთი იქნება, რომ სასარგებლო იყოს პირველ რიგში მოსახლეობისთვის და შემდგომ ქვეყნისთვის.

ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს შემოსავალი გაეზარდოთ, ეს ასე არ არის. არამედ, ეს პროდუქტი სოციალური ეფექტის მატარებელია და მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი. დღეს საქართველოში 1 მლნ 700 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც უხეშად რომ დავთვალოთ 1 მლნ ავტომობილი მწყობრშია, ანუ დადის. ამ კანონის აღსრულების შემდეგ რომ ვთქვათ, დაახლოებით 10% იქნება სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობა ანუ ე.წ. სიხშირე.

ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 100 000 შემთხვევა მოხდება და ამდენივე ოჯახი მიიღებს კონკრეტულ სარგებელს, რაც დღეს აღურიცხავია. დღეს უმეტესად, საავტომობილო შემთხვევები ინდივიდუალური მორიგებით მთავრდება და ეს ასე აღარ იქნება. ამ კანონის მიღების შემდგომ არავის ექნება სანერვიულო რა თანხა დაუჯდება კონკრეტული ავტომობილის შეკეთება. იმიტომ რომ, მხარე ყოველთვის სადაზღვევო კომპანია იქნება და ხოლო ავტომობილის მფლობელი იქნება მშვიდად, რადგან ავტომობილის მფლობელის მესამე პირის პასუხისმგებლობით განსაზღვრული თანხა მას მისაღები ექნება,” - განმარტა მიხეილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დაახლოებით სამ კვირაში ეკონომიკის სამინისტრო მთავრობას „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ გადამუშავებულ კანონპროექტს წარუდგენს. აღნიშნული კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის სადაზღვევო სექტორი. კანონპროექტის პირვანდელი ვერსია პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დარეგისტრირდა, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში დოკუმენტი განხილვების ეტაპზე არ გადასულა. რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობას და პარლამენტს კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას წარუდგენენ. კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო წესით 2024 წლიდან მოუწევთ, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მოცულობა 150-დან 200 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა დაზუსტებით ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება, რაც მთავრობა დოკუმენტს მოიწონებს და პარლამენტს გადაუგზავნის. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის პროგნოზით, სავალდებულო დაზღვევის პაკეტის ამოქმედების შემდეგ 900 მილიონიანი ბაზარი 30%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები