მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საავტორიზაციო მზაობის შესაბამისად, 2023 წლისთვის 397 საჯარო სკოლა შეირჩა" - განათლების მინისტრის მოადგილე

649992f0148bb
BM.GE
26.06.23 17:27
704
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. დეპუტატებს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში, 2022 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი. მისივე თქმით, სკოლებმა, რომლებმაც ახალი სტანდარტების დამტკიცებამდე გაიარეს ავტორიზაცია, უნდა უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა ახალ სტანდარტებთან 2024 წლის 1 სექტემბრისთვის.

თამარ მახარაშვილის განმარტებით, ჩამოყალიბდა ავტორიზაციის ოთხი ახალი სტანდარტი, ესენია: სკოლის ფილოსოფია, სასკოლო კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და მოსწავლეთა მხარდაჭერა.

„ყველა კერძო სკოლა ავტორიზებულია. საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი. 2014-2022 წლებში ავტორიზაცია გაიარა 5-მა საჯარო სკოლამ“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2022 წელს, 2074 საჯარო სკოლაში განხორციელდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პილოტირება. აღნიშნულ პროცესში შემუშავდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა, განხორციელდა ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირება და მომზადდა საჯარო სკოლების შესახებ ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების ბაზა.

„საავტორიზაციო მზაობის შესაბამისად 2023 წლისთვის შეირჩა 397 საჯარო სკოლა. ავტორიზაციის სიმულაციური შეფასება განხორციელდა 3 საჯარო სკოლაში. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს 250-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო წარმოება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, სკოლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ავტორიზაციის პროცესის ღიაობა.

„სამინისტროს მიდგომა და განწყობა გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები