მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტორო უფლებათა ასოციაცია საქპატენტს პასუხობს - 8 პუნქტი

64664dfdc5011
BM.GE
18.05.23 20:00
821
საავტორო უფლებათა ასოციაცია საქპატენტს პასუხობს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში რვა პუნქტია მოცემული, სადაც აუდიტის ანგარიშზეა საუბარი. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ საქპატენტის საჯარო განცხადებას, მათი მოთხოვნით, ჩვენთან ჩატარებული აუდიტის შესახებ.

პირველი - აუდიტის დასკვნის მიხედვით დარღვევები არ გამოვლენილა. დარღვევების შემთხვევაში გაიცემოდა უარყოფითი და არა მოდიფიცირებული დასკვნა. სფეროში არსებულ არაერთ გამოწვევაზე მსჯელობის ნაცვლად, საქპატენტმა ხაზი გაუსვა მხოლოდ იმ ფინანსური მონაცემებიდან ამონარიდს, რომელიც არ ასახავს რეალურ სურათს.

მეორე - კანონით საქპატენტს არ აქვს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შემოწმების უფლება, რის გამოც წინასწარ გვთხოვა თანხმობა. თანხმობა გავეცით, რადგან ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა და არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შემოწმებასაც გავდივართ. ალოგიკურია ორგანიზაცია არღვევდეს კანონს და საკუთარი სურვილით ამოწმებინებდეს თავს სახელმწიფოს.

მესამე - ზუსტად იგივე პერიოდზე ჩვენი შემოწმება უკვე ჩატარებული ჰქონდა მსოფლიოს ოცეულში შემავალ აუდიტორულ კომპანია Russell Bedford -ს, რის შესახებაც ასევე იცოდა საქპატენტმა, თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მაინც დაიქირავა რიგითი კომპანია და მიუხედავად იგივე შედეგისა, მოახდინა მისი დასკვნის ინტერპრეტირება.

მეოთხე - საქპატენტმა დასკვნა საჯარო გახადა ჩვენთვის მის გადმოცემამდე, ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე. დასკვნა ჩაგვბარდა დღეს, ისიც არასრულად.

მეხუთე - საქპატენტის მიერ გაკეთდა ინტერპრეტირება იმგვარად, რომ თითქოს ადგილი აქვს ადმინისტრაციული ხარჯის გადახარჯვას და შესაბამისად დარღვევას. ადმინისტრაციული ხარჯის ოდენობა არც კანონმდებლობით და არც წესდებით არის გათვალისწინებული, რადგან ეს მოკლებულია გონივრულობას, და რის გამოც ასეთი ჩანაწერი არც სხვა ქვეყნების კანონმდებლობებში გვხვდება. ეს საკითხი, ისევე როგორც ყველგან, ჩვენთანაც დარეგულირებულია შიდა დებულებებით, რომელიც ასევე შეთანხმებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, და რომლის მიხედვითაც, გაუნაწილებელი (არაიდენტიფიცირებული უფლების მფლობელების) თანხა ორგანიზაციამ შეიძლება დროებით გამოიყენოს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად და შემდეგში გადაიხადოს, როდესაც მოხდება იდენტიფიცირება (ბუნებრივია, რომ იდენტიფიცირებამდე ვერც გადაიხდის). ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ფორს მაჟორულ მდგომარეობას, როდესაც მთელ მსოფლიოში იყო კოვიდ პანდემია და ადმინისტრაციული ხარჯები გაეზარდა ყველა ქვეყნის ორგანიზაციას, რადგან შემოსავლები თითქმის განახევრდა. მარტივად, რომ ვთქვათ, საჭიროების შემთხვევაში, გადახარჯვა დროებით იფარება არა ავტორებს მიკუთვნებული ფულიდან, არამედ იმ ფულიდან, რომლის ადრესატიც ჯერ არ არის ცნობილი და რომელიც გადაიხდება იდენტიფიცირების შემდეგ, რაც ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. არ არსებობს, იდენტიფიცირებული ავტორისთვის ჰონორარის გადაუხდელობის არცერთი შემთხვევა!!! შესაბამისად ინტერპრეტაცია, რომ ავტორების ფულს ვხარჯავთ უბრალოდ უშინაარსოა. ის, რომ არამარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც ვერ ახდენენ გამოყენებული რეპერტუარის 100%-ით იდენტიფიცირებას, რადგან ეს კოლექტიური მართვის სფეროში შეუძლებელია, ახალი არაა, და სწორედ ამიტომ, კანონით, იდენტიფიცირებისთვის დადგენილია 3 წლიანი ვადა. საქპატენტს რატომღაც გამორჩა აღენიშნა, ამავე დასკვნით დადგენილი ფაქტი, რომ პანდემიის დროს, მხოლოდ კოვიდ დახმარების მიზნით, დაახლოებით 400 000 ლარი (პანდემიის პირველი წლის ჩათვლით 750 000 ლარი) გადავუხადეთ ავტორებს, რომ მიუხედავად ორგანიზაციის შემოსავლების განახევრებისა, მათი ჰონორარი არ შემცირებულიყო.

მეექვსე - საქპატენტი აღნიშნავს ბათუმში 43 კვ.მ ოფისის და 3 268 დოლარიანი ავტომანქანის ყიდვას, (თუმცა, შეცდომით უთითებს, რომ თითქოს ავტომანქანაში 42 316 ლარი გადავიხადეთ) მაშინ როცა აჭარა ყველაზე მზარდი რეგიონია და ოფისის გარეშე იქ საქმიანობა და ავტომანქანის გარეშე ლიცენზირება წარმოუდგენელია.(სამწუხაროდ, აქამდე ბათუმში ოფისი არ გვქონია). ასევე უშინაარსოა სხვა საოპერაციო ხარჯებზე მითითება, რადგან, როგორც მინიმუმ, ხარჯების განმარტება შეიცავს არაერთ უზუსტობას.

მეშვიდე - საქპატენტის მიერ გამოითქვა საყვედური, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად არ გადავდეთ საერთო კრება. პირველი, საქპატენტმა კრების გადადება მოითხოვა კრებამდე ოთხი დღით ადრე, მაშინ როცა 2000 მდე წევრი უკვე გაფრთხილებული და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე გაწეული იყო, მეორე, მიუხედავად მოწვევისა, საქპატენტის არცერთი წარმომადგენელი კრებას არ დაესწრო, (რაც პირველი შემთხვევაა ასოციაციის 23 წლიანი არსებობის ისტორიაში) სადაც ექნებოდათ საშუალება დაეყენებინათ და განეხილათ ნებისმიერი საკითხი, თუ ამის სურვილი ჰქონდათ, და ბოლოს, საერთო კრება ტარდება წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში და არ შეიძლება მისი ჩატარების თარიღის სუბიექტურ სურვილებზე მორგება.

მერვე - არასწორია მითითება, რომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა ჩვენი საერთო კრების შედეგები. საჯარო რეესტრი კრების შედეგებს არ არეგისტრირებს, რეესტრში რეგისტრირდება მხოლოდ წესდება, რომელშიც არც გამგეობის და არც ავტორთა საბჭოს შემადგენლობა არ იწერება. წესდება შეიცვალა, რადგან მომიჯნავე უფლებების სფერო გავიდა ჩვენი მართვიდან და დარჩა მხოლოდ საავტორო უფლებების სფერო. საკითხში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ხარვეზის დადგენა არ ნიშნავს უკანონობას, მსგავს შემთხვევებში ხარვეზი დგინდება ძალიან ხშირად, რაც ეხება მხოლოდ პროცედურულ საკითხებს და ხდება მისი გასწორება.

რეზიუმე: საქპატენტის მიერ აუდიტის დასკვნის ინტერპრეტირება ემსახურება ერთადერთ მიზანს. მოხდეს ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტირება და გზა გაეხსნას უკვე ოთხ წელზე მეტია, უკანონოდ მოქმედ, საეჭვო შემოსავლების მქონე ორგანიზაციას. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დროს მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდება საავტორო უფლებების სფერო და ავტორ-შემსრულებლები დარჩებიან ჰონორარის გარეშე, როგორც ეს, უკვე მოხდა უკრაინაში და სულ ახლახან, 6 თვის წინ მოლდოვაში, სადაც დღემდე, არცერთი ცენტი აღარ შეგროვებულა.

P.S. საავტორო უფლებების სფეროში რუსეთის ჩარევის შესახებ, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით, რამდენჯერმე ვაცნობეთ საქპატენტს და ვთხოვეთ რეაგირება, რასაც სამწუხაროდ შედეგი არ მოჰყოლია. ასევე რეაგირების გარეშეა საავტორო უფლებების სფეროში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ორგანიზაციის, ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) რეზოლუცია, რომელიც, სწორედ რეაგირების მოხდენის მიზნით გაეგზავნა პარლამენტს და საქპატენტს და რომლითაც, უკვე საერთაშორისოდ დადასტურდა რუსეთის მიერ პოსტ-საბჭოთა ხუთ ქვეყანაში (მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი) კვაზი საავტორო უფლებების ორგანიზაციების შექმნის და ხელშეწყობის ფაქტი", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები