შვეიცარიული კომპანია BARTHOLET-ის წარმომადგენელი და ტრანსპორტის სპეციალისტი ასმათ აბესაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ კახა კალაძის მიერ დაანონსებულ საბაგირო გზებზე მათ ადრე საბაგირო ტაქსის პროექტი ჰქონდათ შეთავაზებული, თუმცა ცენტრალურმა მთავრობამ შეაფერხა.
კერძოდ, როგორც აბესაძე "საქმის კურსში" იხსენებს, რამდენიმე წლის წინ შეთავაზებული საბაგირო ტაქსის პროექტისთვის მუნიციპალიტეტს სათანადო ფინანსები სჭირდებოდა, რაზეც ცენტრალური მთავრობისგან თანხმობა ვერ მიიღეს.
"რამდენადაც ვიცი, ცენტრალურმა მთავრობამ შეაფერხა მაშინ ეს პროექტი, იმიტომ რომ ვერ გამონახა თანხები და შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტს სესხი აეღო", - აღნიშნა მან.
აბესაძე ამბობს, რომ BARTHOLET-ს ამ პროექტის მიმართ ინტერესი ახლაც აქვს. მისი თქმით, თუ ახალ საბაგიროებზე ტენდერები გამოცხადდება, BARTHOLET-ი ტენდერში ე.წ საბაგირო ტაქსის კონცეფციით შევა. ტრანსპორტის სპეციალისტმა განმარტა, რას გულისხმობს საბაგირო ტაქსის პროექტი.
“კლასიკური საბაგირო სისტემები, როდესაც სადგურზე შედიან, ანელებენ სვლას და შენელებულ მოძრავ ვაგონში ხდება ჩასხდომაც და გადმოსხდომაც. BARTHOLET-ის კონცეფციის შემთხვევაში კი, საბაგირო მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის მგზავრი. ღილაკზე დაჭერით თქვენ იძახებთ გონდოლას და მოძრაობთ იმ სადგურის მიმართულებით, სადამდეც გნებავთ მისვლა. ანუ, ეს არის ე.წ. Rope Taxi, მას არ სჭირდება ოპერატორი, რომელიც დგას როგორც „ა“, ასევე „ბ“ სადგურზე", - ამბობს ასმათ აბესაძე.
ცნობისთვის, კახა კალაძეს აღნიშნულ საბაგიროებთან მიმართებით დაპირება არაერთი წელია აქვს. ბოლოს ის 4 წლის წინ საარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო, როცა დაანონსდა, რომ 2025 წლამდე ორივე საბაგიროზე ტენდერიც გამოცხადდებოდა და მისი მოწყობაც დასრულდებოდა. ორივე საბაგიროს ბიუჯეტი მაშინ 70 მილიონი ევრო იყო, რომელიც სრულად სესხი იყო. ახლა კი, ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია.




























