მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბალანსო დენის ფასი ბოლო პერიოდთან შედარებით, თებერვალში რეკორდულად გაიზარდა - ლომინაძე

მერაბ ლომინაძე

"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ საბალანსო ელექტროენერგიის ფასი თებერვალში კიდევ გაძვირდა და ერთ კვტ.სთ საბითუმო ბაზარზე თითქმის ექვსი ცენტი ღირს.

შარშან საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.6 ცენტი შეადგინა. სემეკის მონაცემებით, 2024 წელს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი დეკემბერში იყო კვტ.სთ 16 თეთრს აჭარბებდა.

"თებერვალში ადგილობრივ ბაზარზე დენის ფასი 5.95 ცენტი გახდა, რაც არის რეკორდულად მაღალი ნიშნული ბოლო პერიოდთან მიმართებით. ამის მიზეზი იყო ის, რომ სამწუხაროდ, თბოსადგურები არ მუშაობდა იმ მოცულობებით, ასევე ენგურის დენი არ იყო ენერგობალანსში შესული, რადგან მთლიანად აფხაზეთს მიჰქონდა. შესაბამისად, იმპორტულმა მაღალფასიანმა დენმა გაძვირება გამოიწვია. ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კალათაში იაფი ელექტროენერგიის წილი იმისთვის, რომ ფასი იყოს დაბალი. იაფი ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში საკმაოდ ნაკლები გვაქვს ხოლმე. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მეტია, რადგან ზამთარში ე.წ მაღალფასიანი PPA-ებია, ასევე დიდი წილი აქვს იმპორტს და თბოსადგურებს, თუმცა ამ სამეულში ყველაზე დაბალფასიანი თბოსადგურის დენია. ზაფხულის პერიოდში დენის ფასი დაბალია, რადგან ამ დროს ბაზარზე ჭარბი გამომუშავება გვაქვს. ბოლო ორ წელს თუ ავიღებთ თებერვალი ნამდვილად პიკური წელი იყო [ფასის თვალსაზრისით], რაც სამწუხაროდ ხელს არ უწყობს საქართველოში წარმოების განვითარებას", - ამბობს ლომინაძე.

საბალანსო ელექტროენერგიის ფასი არის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება. მისი ზრდა ნიშნავს, რომ ესკოს საბითუმო ბაზარზე შესასყიდი ელექტროენერგია გაუძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები