საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა წელს, ოქტომბერში 15.85 თეთრი შეადგინა. წლიური ზრდა დაახლოებით 4.5%-ია. დარგში მთავარ მიზეზად ახალი ენერგოსადგურები სახელდება, რომლებიც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე შევიდა ექსპლუატაციაში.
როგორც BMG-ის ET SYNERGY-ის დამფუძნებლმა მერაბ ლომინაძემ განუცხადა, აღნიშნული ხელშეკრულებების პირობები, რომლებიც ახლა უკვე ზაფხულის პერიოდსაც მოიცავს, სახელმწიფოს მაღალ ფასად ენერგიის შესყიდვას ავალდებულებს. შედეგად, იმის ნაცვლად, რომ ზაფხულში, ჰიდრორესურსების სიუხვის გამო, ფასი შემცირებულიყო, ბაზარზე ფასების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
"პრაქტიკულად, ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის მაღალფასიანი, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, PPA-ები, რომლის საფუძველზეც, არაერთი სადგური უკვე გაეშვა ექსპლუატაციაში და ამუშავდა. განსაკუთრებით შარშან და წელს. აქვე აღსანიშნავია, რომ PPA-ის, ერთგვარად, პირობებიც არის შეცვლილი და ზაფხულის განმავლობაშიც, გარანტირებული შესყიდვის პირობები აქვს სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ფასები მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო (ესკოს ფასებს ვგულისხმობ), სახეზე გვქონდა ფასების ზრდა და პრაქტიკულად, რეკორდული მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით" - ამბობს მერაბ ლომინაძე.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე კი, მიიჩნევს, რომ ფასის მატება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის მთავარი კი, ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება და ენერგიის დეფიციტია.
"რეალურად, დეფიციტური პროდუქტია, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. როდესაც პროდუქტი დეფიციტურია, ბუნებრივია, დეფიციტურ პროდუქტზე ყოველთვის არის ფასის ზრდა" - ამბობს მელიქიძე.




























