საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ახალი კიბერთაღლითური სქემების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ პირადი და ფინანსური მონაცემების გაზიარებისას.
ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანიც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა და მათგან თანხის მოტყუებით მიღებაა.
ერთ-ერთი სქემის ფარგლებში, მოქალაქეები WhatsApp-ში ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციებში ერთი შეხედვით ნაცნობი კონტაქტისგან იღებენ შეტყობინებებს, რომლებიც ყალბ ბმულებს შეიცავს. აღნიშნულ ბმულებზე გადასვლისა და საბარათე ან სხვა პირადი ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში, თაღლითები მომხმარებლის მოწყობილობაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ახლობლის სახელით თანხის გადარიცხვის მოთხოვნას იღებენ.
მეორე სქემის მიხედვით, მოქალაქეებს ფინანსური ინსტიტუტების სახელით ყალბი ელექტრონული წერილები ეგზავნებათ. შეტყობინებებში მითითებულია, თითქოს ახალი რეგულაციების საფუძველზე მომხმარებელმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა განაახლოს. ამისთვის კი მათ პირადი ან საბარათე ინფორმაციის შეყვანას სთხოვენ.
საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:
- თანხის გადარიცხვის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია სხვა საკომუნიკაციო არხით გადაამოწმონ და უშუალოდ დაუკავშირდნენ გამომგზავნს;
- არ შეიყვანონ კონფიდენციალური ინფორმაცია საეჭვო ვებგვერდებზე და ნებისმიერი მოთხოვნა ბანკთან ოფიციალური არხებით გადაამოწმონ;
- რეგულარულად განაახლონ მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ოპერაციული სისტემები;
- ჩართონ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია დამატებითი უსაფრთხოებისთვის;
- თუ თაღლითურ გვერდზე უკვე შეიყვანეს პაროლი ან საბარათე მონაცემები, დაუყოვნებლივ შეცვალონ პაროლი და დაბლოკონ შესაბამისი ბარათი.
„ფინანსური ან პირადი მონაცემების გაზიარებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ინფორმაცია ნამდვილად სანდო სივრცეში შეგყავთ. რამდენიმე წუთიანმა გადამოწმებამ შესაძლოა თავიდან ფინანსური ზარალი აგარიდოთ“, — აღნიშნულია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.




























