საქართველოში საბანკო სექტორში კონცენტრაციის მაღალი დონეა, ხოლო სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლა კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის უფრო ხელსაყრელი საპროცენტო პირობების შექმნას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
ბერეკაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში, სოფიო ხორგუანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. საკითხი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა, რომლებიც უცხოური სანდო ბანკების შვილობილებისთვის საბანკო ლიცენზიის მიღების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს.
"ქართული ოცნების" დეპუტატის და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის განმარტებით, სანდო ბანკის სტატუსის განსაზღვრის ერთ-ერთი კრიტერიუმი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი იქნება. მაგალითად, მან საინვესტიციო რეიტინგის BBB+ ან უფრო მაღალი მაჩვენებელი დაასახელა.
„შემოგვაქვს სანდო ბანკების ცნება, ახლა პირადად მე შევეცდები განვმარტო ეს რას ნიშნავს. აქ ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების რეიტინგებს. ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ S&P-ზე, Moody's-ზე, Fitch-ზე და მათ რეიტინგზე. როდესაც ასეთი სარეიტინგო ორგანიზაციები კონკრეტულ ბანკს, რომელიც არ არის განვითარებული ქვეყნის ბანკი, ანიჭებენ, მაგალითად, საინვესტიციო რეიტინგს, მაგალითად, BBB+-ს ან მეტს, ლოგიკურია დაისვას კითხვა, რატომ არ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ასეთი ბანკი მოვიწვიოთ საქართველოში და მანაც გამარტივებული წესით შეძლოს ლიცენზიის აღება და საქმიანობის დაწყება.
მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია, ეს გახსნის ბაზარს. საქართველოში ძირითადი პრობლემა არის ის, რომ კონცენტრაციის დონე არის მაღალი. საქართველოში გვეყოლება მეტი ძლიერი ბანკი, რომელიც უფრო გააჯანსაღებს კონკურენციას და საბოლოო ჯამში, აღნიშნული კონკურენციის გაჯანსაღებით ჩვენი მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო საპროცენტო განაკვეთს. ეს არის აღნიშნული ცვლილების მიზანი“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კანონპროექტის მიმართ მოლოდინებზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამაც. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ბარიერების შემცირება საქართველოში ახალი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
თურნავას განცხადებით, არსებობს ინტერესი როგორც უკვე მოქმედ ბანკებში ახალი ინვესტორების შესვლის, ისე საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტების დაფუძნების მიმართ. მისი თქმით, კანონმდებლობის გამარტივება ამ პროცესს დააჩქარებს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კუთხით კანონმდებლობის გამარტივება ხელს შეუწყობს ამ პროცესს და დაგროვილ გარკვეულ გამოწვევებს ვპასუხობთ ამით. ჩვენი საფინანსო ბაზარი არის ნომერ პირველი მიმზიდველი ინვესტორებისთვის. წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ლიდერობს. არის ინტერესი, რომ როგორც არსებულ საბანკო ინსტიტუტებში შემოვიდნენ ახალი ინვესტორები, ასევე ახალი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტები გაიხსნას საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ BMG-ის კითხვის საპასუხოდ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, კანონპროექტი რომელიმე კონკრეტული უცხოური ბანკის ინტერესს არ უკავშირდება. ამასთან, სანდო ბანკებისა და ქვეყნების იდენტიფიცირებისთვის ეროვნული ბანკი წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს გამოიყენებს და კონკრეტული ქვეყნების ან ბანკების ჩამონათვალს არ შეადგენს.
„რაც შეეხება სანდო ბანკის სტატუსს, სანდო ქვეყნის სტატუსს, ჩვენ არ ვაწარმოებდით და არ ვაწარმოებთ კონკრეტულ ჩამონათვალს. უბრალოდ განვსაზღვრავთ კრიტერიუმებს, რაც დამოკიდებული იქნება მათ საზედამხედველო პოლიტიკის ჩარჩოზე, მათ რეიტინგებზე, ასევე კონკრეტული ინსტიტუტის, საბანკო ინსტიტუტის რეიტინგზე და ამ კუთხით შევაფასებთ თითოეულ ინვესტორს. ეს პირიქით გაამარტივებს წვდომას ჩვენს ბაზარზე. რაიმე კონკრეტული ინვესტორი აქ არ განიხილება, მაგრამ მთლიანობაში ვხედავთ ძალიან გაზრდილ ინტერესს და ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ კონკურენცია გაძლიერდეს ჩვენს ბაზარზე, მაგრამ ეს მოხდეს გამჭვირვალე და ძლიერი ჩარჩოს ფარგლებში“, - აღნიშნა თურნავამ.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 3 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი ავტორები არიან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული.
საკრედიტო რეიტინგის გარდა, ბანკს უნდა ჰქონდეს მაღალი ცნობადობა, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურა.
ცვლილებებით ფართოვდება „უცხოური სანდო ბანკის“ განმარტებაც. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ბანკი განვითარებული ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა საქმიანობდეს, ახალი რედაქციით კი სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს.
კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპები, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკრედიტო რეიტინგის მინიმალური დონე.
ამასთან, უცხოურ ბანკებს ლიცენზიის მისაღებად აღარ მოეთხოვებათ ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს, მფლობელობის შუალედურ რგოლებსა და საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებს. ასევე, განაღდებული კაპიტალის ოდენობის ნაცვლად, ლიცენზიის მაძიებელი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილებების მიზანია საქართველოში სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება, საბანკო სექტორში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნების გაზრდა და კონკურენციის გაძლიერება.
























