საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკების სარეზოლუციო მზაობის პროექტი დამტკიცება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ფინანსური სისტემის სტაბილურობას.
საქმე ისაა, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს კომერციული ბანკების სარეზოლუციო მზაობის პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირობითი დაფინანსება (ე.წ. საკრედიტო ხაზი) გახდება ხელმისაწვდომი. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკრედიტო ხაზი საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებას ითვალისწინებს.
თურნავას თქმით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბანკებისთვის.
"მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენი ფინანსური სისტემის სტაბილურობას. ეს პროექტი მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბანკებისთვის და მათ საიმედოობის დონეს ზრდის. ამ პროექტში მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა. ჩვენი გუნდი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა რეზოლუციის ჩარჩოზე და ის ერთ-ერთი სამაგალითოა, მე შემიძლია ვთქვა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც კი",- ამბობს ნათია თურნავა.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, რომელიც ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ამბობს, რომ გამოყოფილი თანხა წარმოადგენს ერთგვარ დაზღვევას საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის.
"ხელი მოეწერა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს, მსოფლიო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საქართველოში საბანკო რეზოლუციის მზადყოფნის პროექტის მხარდაჭერისთვის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო და საქართველოს ეროვნული ბანკი, განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე, აქტიურად მუშაობს საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს შექმნაზე და შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო რესურსი რეზოლუციის ჩარჩოსთვის, რაც წარმოადგენს ერთგვარ დაზღვევას საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის",- თქვა ეკატერინე გუნცაძემ.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ დაფინანსების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობის დაცვას.
"ეს არის შედარებით მცირე ოპერაცია - დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობის დაცვას. ამ ტრანზაქციით ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა მას ჰქონდეს რეზოლუციის მყარი და ეფექტური სისტემა. მსოფლიო ბანკი ამაყობს, რომ ეხმარება საქართველოს ამ პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მიაღწიეს",- განაცხადა როლანდ პრაისმა.




























