მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სექტორი სტაბილურია - ალექსანდრე ძნელაძე

ბანკები

"საქართველოს საბანკო ასოციაცია" პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ 2025 წლის მაღალ ზრდასთან შედარებით საბანკო სექტორის 2026 წლის მაჩვენებლები შედარებით მოკრძალებულია, თუმცა მოლოდინების შესაბამისია. მან სექტორის ტენდენციებზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

"საბანკო სექტორი კვლავინდებურად რჩება საქართველოში უმსხვილეს სექტორად, სტაბილური არის. მისი ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ კარგი არის იმ მოლოდინებთან მიმართებით, რა მოლოდინებიც არა მხოლოდ 2026 წელთან, არამედ 2025 წელთან მიმართებით იყო. გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ, რომ საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი იყო. წელს შედარებით შენელებულია. 2025 წელშიც კი გვქონდა საუბარი, რომ ველოდებოდით, რომ შედარებით უფრო ნელი ზრდის ტემპი იქნებოდა, მიუხედავად ამისა, 2025 წლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალი იყო. 2026 წლის მაჩვენებლები შედარებით უფრო მოკრძალებული არის დღეის მდგომარეობით, მაგრამ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ მანდაც ის მოლოდინები და ის მაჩვენებლები საკმაოდ კარგად არის. წლის ჭრილში რომ შევაფასოთ, ზრდის მაჩვენებლები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარში კრედიტების კუთხით წლიური ზრდა 14%-თან არის ახლოს, ხოლო თუ ვალუტის კურსის ცვლილებას ამოვიღებთ, დაახლოებით 16%-ს აჭარბებს",- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მან ასევე შეაფასა არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის სავალუტო დაკრედიტების ლიმიტის 750,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე გაზრდა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მეტად საშუალო ბიზნესის სესხებს შეეხება.

"ამას არ ვამბობ ხოლმე შემთხვევით იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო სესხებთან მიმართებით მაინც მიმდინარეობს ეს პარიტეტი, რომ ლარში არის სესხები და პრაქტიკულად იქ ძალიან მცირე ჯგუფს ეხება. მაგრამ მცირე და საშუალო სესხებში ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე სიტუაცია, როდესაც მაინც ვალუტაზე არის დამოკიდებული ესა თუ ის კომპანია, რადგან ეს არის იმპორტიორი კომპანია, თუ ექსპორტიორია, მას შეუძლია, რომ აიღოს კიდევაც უცხოურ ვალუტაში სესხი, და მათ შეეხებათ ყველაზე მეტად",- ამბობს ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები