საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ქართული საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მოგებიანია. ამასთან, საბანკო სფეროში რისკების მუდმივი ახლო მონიტორინგი აუცილებელია. ამის შესახებ IMF-ის 2025 წლის „IV მუხლის კონსულტაციების“ მისიის დასკვნით განაცხადშია ნათქვამი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დასკვნითი განაცხადი, წევრ ქვეყანაში სსფ-ს თანამშრომელთა ვიზიტის (მისიის) დასასრულს გასაჯაროებულ წინასწარ მიგნებებს წარმოადგენს. ეს მისია, რომელიც საქართველოში 21 მაისს ჩამოვიდა, რეგულარული, (ჩვეულებრივ ყოველწლიური), კონსულტაციების ფარგლებში შესრულდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების IV მუხლითაა გათვალისწინებული და სსფ-ის რესურსების გამოყენების სსფ-სგან სესხის აღების) მოთხოვნის, სსფ-ს თანამშრომელთა მიერ ქვეყნის პროგრამის მონიტორინგის ამ ქვეყნის ეკონომიკაზე დაკვირვებისთვის არის აუცილებელი.
სსფ-ის მისიის შეფასებაში აღნიშნულია, რომ მუდმივი სიფრთხილე და რეფორმები დაეხმარება ფინანსური სექტორის წინაშე არსებული ძველი და ახალი რისკების გადაჭრაში. მისიის წარმომადგენლები დღეს საბანკო სექტორში არსებულ რისკებზე მიუთითებენ.
„საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მოგებიანია. სსფ-ს 2021 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციების განხორციელება თითქმის დასრულებულია. მომავალში ძირითადი პრიორიტეტებია ფინანსური ჯგუფების გაერთიანებული ზედამხედველობის - განსაკუთრებით არასაბანკო ქვედანაყოფების და საერთაშორისო საქმიანობების, სრულფასოვანი საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედება და ფინანსური მომსახურების სფეროში კონკურენციის გაუმჯობესება. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს თავისი ხანგრძლივი დედოლარიზაციის პოლიტიკის განხორციელებას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. ახლახან არაჰეჯირებული მსესხებლისთვის სავალუტო სესხის შეზღუდვის ზღვარი 750,000 ლარამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის საბანკო სესხების წილი ჯერ კიდევ მაღალია, 5 ხოლო დეპოზიტების დედოლარიზაციის ტენდენცია შეწყდა პოლიტიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე. ბანკებმა - განსაკუთრებით პატარა ბანკებმა - ლარზე ხელმისაწვდომობის წნეხი განიცადეს, დაფინანსების ღირებულება გაიზარდა, რაც შესაძლოა მათ მოგებიანობაზე აისახოს. სამომხმარებლო სესხები სწრაფად გაიზარდა, ხოლო რისკიანი არასაბანკო დაფინანსება - მათ შორის უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტის ობლიგაციების გამოშვება - მნიშვნელოვნად გაიზარდა. არცერთი რისკი ამ ეტაპზე სისტემურად არ შეფასებულა, მაგრამ მუდმივი ახლო მონიტორინგი აუცილებელია“, - ნათქვამია დასკვნით განაცხადში.