მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ბაღებისა და მშობლების დამაკავშირებელი სტარტაპი KidNest ამოქმედდა

KidsNest

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, კერძო ბაღების ნაწილი მშობლებს ახალ სერვისს შესთავაზებს. KidNest - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც ბაღებს მშობლებთან აკავშირებს და შვილების შესახებ განახლებებს რეალურ დროში აწვდის. სტარტაპის შექმნის იდეაზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი ქეთანა სტურუა საუბრობს.

აპლიკაციის საჭიროება დავინახეთ იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ბავშვს მთელი დღით უშვებდნენ ბაღში, მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, ბაღში დარეკვა და ამბის ისე მოკითხვა უწევდათ, რაც აღმზრდელსაც აკარგვინებდა დროს. სწორედ ამიტომ ჩავუშვით აპლიკაცია წარმოებაში. აღმზრდელს დაახლოებით 10 წამი სჭირდება იმისათვის, რომ ყველა მშობელს გაუგზავნოს განახლება. მშობლის მხარეც მშვიდადაა და აღმზრდელსაც არ უწევს სატელეფონო ზარები.

მსგავსი აპლიკაცია საქართველოში საერთოდ არ არის, ევროპაშიც კი არ არის დიდად განვითარებული. ყველაზე დიდი კონკურენტი ამერიკაში გვყავს, რომელიც ლონდონშიცაა შესული”, - ამბობს KidNest-ის დამფუძნებელი.

სტარტაპი ამ ეტაპზე ვებგვერდით ოპერირებს, თუმცა აპლიკაცია უკვე მზადდება და მომდევნო თვეში ამოქმედდება. სატესტო რეჟიმში პროგრამით სარგებლობა უფასოა, მოგვიანებით კი მის ღირებულებას თავად ბაღები ან, შეთანხმებით, ბაღები და მშობლები ერთად დაფარავენ. 

ქეთანა სტურუას მსგავსი სერვისის დანერგვისთვის ბაღების მზაობაზეც ვკითხეთ. მისი თქმით, როგორც დაწესებულებების, ისე აღმზრდელების მხრიდან, დამოკიდებულება პოზიტიურია.

“საკმაოდ ბევრ ბაღში ვიყავით, არც ერთს არ უთქვამს უარი. ზოგჯერ მშობლებთან ათანხმებენ ჯერ, ზოგგან პრეზენტაციებს ვატარებთ, რომ უკეთ გავაცნოთ პროდუქტი. თავიდან ვფიქრობდით, რომ აღმზრდელები შეიძლებოდა დაბნეულიყვნენ, ან დაძაბულიყვნენ და არ სდომოდათ KidsNest-ის დანერგვა, მაგრამ ტრენინგების ჩატარების შემდეგ ყველასგან კარგი დამოკიდებულება მოდის. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ზოგი აღმზრდელი შესაძლოა ტექნოლოგიებში ვერ ერკვეოდეს და აპლიკაცია მაქსიმალურად გავამარტივეთ”, - აღნიშნავს სტარტაპერი.

რაც შეეხება სტარტაპის სამომავლო გეგმებს, როგორც სტურუა BMG-სთან აღნიშნავს, კომპანია მხოლოდ საქართველოს ფარგლებში დარჩენას არ აპირებს და გეგმავს, რომ მეზობელი ქვეყნებიც აითვისოს.

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აპლიკაციის გაშვებას ვგეგმავთ. არ ვაპირებთ, რომ მხოლოდ საქართველოს ბაზარზე დავრჩეთ და გვსურს, ჯერ მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ კი მსოფლიოს მასშტაბითაც გავიდეთ. ასევე, სამომავლოდ ვაპირებთ, რომ მოლაპარაკებები სახელმწიფოსთანაც დავიწყოთ და საჯარო ბაღებშიც შევიდეთ”, - აღნიშნავს ქეთანა სტურუა.

სტარტაპი KidNest 3 აგვისტოს ნულოვანი ინვესტიციითა და დეველოპერების ენთუზიაზმით დაიწყო. კომპანია ამ ეტაპზე 6 თანამშრომელს აერთიანებს. 

რაც შეეხება პარტნიორ ბაღებს, KidNest-ი ჯერჯერობით ოთხი სხვადასხვა ბაღის შვიდ, მათ შორის თბილისის, თელავისა და რუსთავის ფილიალებს აერთიანეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები