ევროპიდან საბავშვო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია Wishlist-ი აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში პროდუქციაზე ფასები, წინა წელთან შედარებით 10-15%-ით შეამცირა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, სალომე ქუთათელაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ფასების შემცირება პირდაპირ უკავშირდება კომპანიის სტრატეგიას - მოგების მარჟის შემცირებით ბაზარზე წილი გაზარდონ.
„შევამცირეთ ფასები იმისათვის, რომ ბაზრის წილი გაგვეფართოებინა. დაახლოებით 10-15%-იანი კლება გვაქვს. რაც შეეხება გაყიდვებს, ზრდა გვაქვს, თუმცა კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელზე ახლა ვერ ვისაუბრებ", - ამბობს ქუთათელაძე.
მისივე ინფორმაციით, Wishlist-მა ახალი ბრენდის, Tooky Toys-ის გაყიდვები დაიწყო. ეს არის განმავითარებელი, მონტესორის პრინციპებზე შექმნილი ხის სათამაშოების სერია, რომელიც ბავშვების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და სასაჩუქრე ნაკრების სახით იყიდება. ქუთათელაძის თქმითვე, ბრენდი საქართველოში ექსკლუზიურად, მხოლოდ Wishlist-ს აქვს.
Wishlist.ge ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ვებგვერდზე 50 000-ზე მეტი დასახელების საბავშვო პროდუქტს აერთიანებს. კომპანია საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, 10 ფილიალითაა წარმოდგენილი.




























