მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბაჟო კონტროლი თუ არ დაჩქარდა, საკმაოდ რთული იქნება ამანათების მომხმარებლებამდე დროული მიტანა - UPS

ამანათები

საფოსტო-საკურიერო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოში ამანათების მზარდი მოცულობების ფონზე, კვლავ გამოწვევაა არასათანადო ინფრასტრუქტურა და გაჭიანურებული საბაჟო პროცედურები.

როგორც UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი BMG-სთან აცხადებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანია ტვირთის მისაღებად და დასახარისხებლად მზადაა, თუმცა არასაკმარისი საკადრო რესურსის გამო, საბაჟო პროცედურების დროულად გავლა ვერ ესწრება.

მისი თქმით, საბოლოოდ, ამ გამოწვევების ფონზე, მომხმარებლამდე ტვირთების მიტანა დროში იწელება.

„ორი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ - ეს არის საბაჟო მიმართულებით კადრების დეფიციტი და სატერმინალო რესურსის საკითხი, რომელიც ძალიან პრობლემატურია. ყველაზე ახლო მაგალითი რომ ავიღოთ. მაგალითად, დღეს დილის 6 საათზე ჩვენი თანამშრომლები მზად იყვნენ, რომ ტვირთის საბაჟო დამუშავების ნაწილში თავის ვალდებულება შეესრულებინათ. საბაჟო კონტროლის გავლა დროულად ვერ განხორციელდა და ჩვენ მაქსიმუმ 10 საათამდე რომ ტვირთი გვქონდეს ჩვენს საწყობებში, რომ უზრუნველვყოთ უკვე მისი დახარისხება და დაწყება დარიგების, ეს საბაჟო კონტროლის გავლის შეფერხების გამო ვერ განხორციელდა.

შესაბამისად, თუ დილის 10 საათამდე ვერ განხორციელდა საბაჟო კონტროლი, მერე უკვე თითქმის შეუძლებელია დღის განმავლობაში იმპორტირებული ამანათების საბაჟო კონტროლის გავლა და მომხმარებლამდე მიწოდება უკვე შემდეგ დღეზე გადადის. ეს ორი ძირითადი შემაფერხებელი გარემოებაა, რაც [ამანათების] ზრდასთან ერთად თუ არ მოწესრიგდა, საკმაოდ რთული იქნება შემდეგ უკვე გზავნილების მომხმარებლებამდე დროული მიტანა.

ჩვენ არ ვართ ონლაინ საპორტო გადაზიდვების კომპანია, ჩვენ ექსპრეს გადაზიდვების საკურიერო მომსახურებას ვახორციელებთ და ჩვენთვის ყოველი საათი და ყოველი წუთი არის მნიშვნელოვანი. და როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მზაობას, პროფესიონალიზმს, ჩვენი სურვილია, რომ ეს შემაფერხებელი გარემოებები არ იყოს და დროულად მივიტანოთ მომხმარებლებამდე ამანათები”, - განაცხადა გიორგი ქოპილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები