მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო ორგანოებს შორის სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა განიხილება - ფაშინიანი

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანი
26.01.24 19:15
812

სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ბატონ პრემიერთან ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ,-ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყნებმა ძალისხმევა უნდა გაზარდონ და შეძენილით არ დაკმაყოფილდნენ.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა.

"დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 13 ე სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს, ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისთვისა და მაღალი დონის ორგანიზებისთვის. მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ბატონ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ყოველთვის იმართება.

დღეს განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ვისაუბრეთ ასევე სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურაზე და კავშირების შესაძლებლობებზე. ეკონომიკური წინსვლისთვის ხაზი გავუსვით პროექტების შესრულების მნიშვნელობას. ასევე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ეხება მრავალ მიმართულებას.

ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება.

ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარვადგინე წინა წლის ოქტომბერში ბატონ ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი და ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას და ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში. ამისი კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართაც სომხეთს აქვს დიდი ინტერესი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები