მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბაზო სცენარით, 2026 წელს ლარი მცირედით გაუფასურდება" - TBC Capital-ის შეფასება და პროგნოზები

საქართველო

"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, წლის ბოლომდე ლარი მცირედით გაუფასურდება და კურსი 2.79 $/₾-ს მიაღწევს. ამის შესახებ პუბლიკაციაშია აღნიშნული, რომელიც 2025-2026 წლებში საქართველოს ეკონომიკის ძირითად ტენდენციებსა და პროგნოზებს ასახავს.

პუბლიკაციის მიხედვით, ისტორიაში პირველად, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება.

"საყურადღებოა, რომ ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია", - წერია პუბლიკაციაში.

"თიბისი კაპიტალში" აღნიშნავენ, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების შესახებ მათი მოლოდინებთან თანხვედრაშია. რაც შეეხება 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება: "კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. ამდენად, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საბაზო სცენარში, დაახლოებით, 4.5%-ს შეადგენს",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ლარის კურსის კუთხით, 2025 წელს გამყარების მიმართულებით სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: დოლარის გლობალური სისუსტე, გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებები და ქვეყნის შიგნით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლება, რაც დეპოზიტების ლარიზაციისა და სესხების დოლარიზაციის ზრდაში აისახა. "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, ლარის მხარდამჭერი გარემოს ფონზე, სებ-მა გასულ წელს 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა: "შედეგად, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 6.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა რეზერვებმა, ასევე ჩვენი შეფასებით - 3.2 მილიარდი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ, "თიბისი კაპიტალის" წონასწორობის მოდელების თანახმად, 2025 წელს ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად არის გაუფასურებული, რაც, ცალკე აღებული, ლარის გამყარების არგუმენტია. თუმცა საყურადღებოა, რომ ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს. მთლიანობაში, "თიბისი კაპიტალის" საბაზო სცენარით, 2026 წელს ლარი მხოლოდ მცირედით გაუფასურდება",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ინფლაციის მხრივ, ნოემბრიდან, პროგნოზის შესაბამისად, შემცირება გამოიკვეთა და დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა. "თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაცია გაიზრდება, მარტიდან კი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შენელებას განაგრძობს და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები