მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწვავის ფასის რეგულირება ცოტა ზედმეტად მეჩვენება“ - ზაალ იაკობიძე

ზაალ იაკობიძე

„სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასის რეგულაცია ზედმეტად მიაჩნია. ამის შესახებ ზაალ იაკობიძემ „საქმიან დილაში“ საწვავის ფასის შემცირების რესურსებზე საუბრისას განაცხადა.

„ფასის რეგულაცია, ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ცოტა ზედმეტად მეჩვენება, იმიტომ რომ ნორმალურ სიტუაციაში, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა, ფასი თავისთავად რეგულირდება. როცა არსებობს ჯანსაღი კონკურენცია და ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებშია, ეს თავისთავად ხდება, იმიტომ რომ ბაზარი განაპირობებს ფასს“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ და დასძინა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასების საუკეთესო რეგულატორი ჯანსაღი კონკურენცია და ანტიმონოპოლიური პოლიტიკაა.

საქართველოში ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფასის შემცირების ორი რესურსი არსებობს კომპანიების მიერ მარჟის ან აქციზის გადასახადების შემცირება.

„დიდს, ბევრს ვერაფერს მოვიფიქრებთ, ან გადასახადი უნდა შემცირდეს აქციზის მიმართულებით, რაც გააიაფებს საწვავს და მეორეა კომპანიების მიერ მოგების მარჟის შემცირება.

სარეალიზაციო ქსელში საწვავისს ფასის მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, თვითონ საწვავის ღირებულებაა, რასაც ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვიხდით. ეს ფასი ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცვალებადია და ძირითადად, იმ გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარეობს, რაც მსოფლიოში არსებობს. ახლა, ძალიან პატარა მაგალითს მოვიყვან - იანვრის დასაწყისში პლატსზე 1 ტონა დიზელის ღირებულება 600 დოლარზე ნაკლები 599 დოლარი იყო. გავიდა სულ ორი კვირა და გუშინწინ, ფასი 135 დოლარით გაიზარდა. 733 დოლარი გახდა ამ პერიოდში, ანუ ერთი თვეც არ იყო გასული, სამ კვირაში. გუშინ მოხდა პირიქით, 90 დოლარით ჩამოვარდა. ეს ზოგადად ბიზნესისთვის რთული მომენტია“, - განმარტავს ზაალ იაკობიძე.

"სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას გენერალური დირექტორი, ფასის შემცირების რესურსს ასევე საწვავის რეალიზატორი კომპანიების ქსელის განვითარების კაპიტალური დანახარჯების შემცირებასა და თვითმომსახურების განვითარებაშიც ხედავს.

"ავტოგასამართი სადგურების მოწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ცალკეა, რა თქმა უნდა, იმ მიწის ფართის ღირებულება და თუ ეს არ იქნება იმ მოცულობის, რაც არის, კარგი იქნება. დიახ, ზოგადად, საქართველოში ავტოგასამართი სადგურები საკმაოდ მაღალი ხარისხის და ვიზუალის გვაქვს.

სასიამოვნოა, ელემენტარულად, თავისუფლად შესვლა-გამოსვლის შესაძლებლობა, პლუს, ვიზუალიზაციაც რომ მშვენიერია, ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება თვითმომსახურებას, ზოგადად, ევროპაშიც არის ეს მიდგომები, რომ ავტოგასამართ სადგურზე თვითონ მომხმარებელმა ჩაასხას. ამის მაგალითები საქართველოშიც არის. ეს, რა თქმა უნდა, ხარჯებს ამცირებს. არის კიდევ პატარა გასამართი ავტოსადგურები, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება და ეს თვითღირებულების შემცირების რესურსია, რაც ფასის შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები