მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა - კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე

კობახიძე

დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, - ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს სურს 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს, თუმცა ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირობებში ეს შეუძლებელია.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაფართოების ანგარიშზე "ქართული ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ ევროპელი ბიუროკრატები ფაქტებს ამახინჯებენ.

„ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები.

გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.

4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო შეჩერებულია", ხოლო 2025 წელს დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლა ფიქსირდება და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები