საბერძნეთის პარლამენტი დღეს ახალ კანონპროექტს კენჭს უყრის. როგორც ირკვევა, ინიციატივა 17 წლამდე პირებისთვის ელექტროსკუტერებით სარგებლობას კრძალავს. პარალელურად, ახალი რეგულაცია არასრულწლოვნებისთვის ამავე სახის ტრანსპორტის მიყიდვასა და გაქირავებასაც ზღუდავს. აღსანიშნავია, რომ ყველა ასაკის მომხმარებლისთვის შესაბამისი დაზღვევის ქონა სავალდებულო ხდება.
რაც შეეხება საგზაო შეზღუდვებს, მთავრობა ფინანსურ სანქციებს გაამკაცრებს იმ გზებზე გადაადგილებისთვის, სადაც სიჩქარის ლიმიტი საათში 50 კილომეტრს აღემატება. საყურადღებოა, რომ ძველი მოთხოვნები კვლავ ძალაში დარჩება. განმარტებისთვის, საუბარია ჩაფხუტის სავალდებულო გამოყენებასა და მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვაზე.
ახალი კანონმდებლობის ფარგლებში ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროში ელექტროსკუტერების ეროვნული რეესტრიც იქმნება. ახალი ბაზა მფლობელებისა და მომხმარებლების იდენტიფიცირების პროცესს გაამარტივებს. მინისტრის მოადგილემ, გიორგოს კოცირასმა განმარტა, რომ მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოს აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.
მთავრობა მკაცრი რეგულაციების ამოქმედებას ზაფხულის ბოლომდე აპირებს.




























