კუნძული ჰიდრა თავისი მეზობლებისგან, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება. ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულების მსგავსად, მასაც თეთრი ქუჩები და ლურჯი სანაპიროები ახასიათებს. თუმცა ის, რაც ჰიდრას განასხვავებს, მოსახლეობის მიერ არჩეული გადაადგილების საშუალებებია - ადგილობრივები ავტომობილების სიგნალს, ცხენის ნალების ხმას ამჯობინებენ - ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.
კუნძულზე ავტომობილები მხოლოდ ადგილობრივების სურვილით კი არა, კანონით არის აკრძალული. გარდა სახანძრო-სამაშველო და გადაუდებელი დახმარების მანქანებისა, ნებისმიერი მოტორიზებული ტრანსპორტით გადაადგილება კანონდარღვევაა.
კუნძულის მოსახლეობა 2 500-ს არ აღემატება. თითოეული მათგანი კი გადაადგილების საშუალებად ვირებს, ჯორებსა და პატარა ზომის ცხენებს იყენებენ. ამავე ტრანსპორტით გადაადგილდებიან ჰიდრას ნავსადგურში ჩამოსული უცხოელი ტურისტები თუ ბერძენი დამსვენებლები.
გადაწყვეტილება, რომ კუნძულზე ტრადიციული სატრანსპორტო საშუალებების კულტურა აღედგინათ, ჰიდრას ეროვნული მემკვიდრეობის გარდა, ეკოლოგიურ მიზნებსაც უკავშირდება.
მე-18-19 საუკუნეებში, ჰიდრა ერთგვარ საზღვაო ჰაბად გვევლინება, თუმცა მე-20 საუკუნის დადგომასთან ერთად საბერძნეთში ტრადიციული სანაოსნო ტრანსპორტი მოტორიზებულმა მანქანებმა ჩაანაცვლეს. კუნძულის ვიწრო, ქვიანი და ციცაბო ქუჩები კი ავტომობილებით გადაადგილებისთვის არაპრაქტიკული იყო, რის გამოც ოთხფეხა ტრანსპორტით გადაადგილება კუნძულის ყოველდღიურობისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.