საბერძნეთში, დაანონსებული შრომითი რეფორმების, მათ შორის სამუშაო საათების გაზრდის, გასაპროტესტებლად, 14 ოქტომბერს ასობით დასაქმებულმა სამუშაო ადგილი დატოვა და გაიფიცა. შედეგად, შეფერხდა ტვირთების გადაზიდვა პორტებში და გაჩერდა რკინიგზაც.
საბერძნეთის უმსხვილესი კერძო და საჯარო პროფკავშირების რიგით მეორე გაფიცვა ამ თვეში საპარლამენტო დებატებს დაემთხვა. სხდომაზე დეპუტატები სწორედ ამ რეფორმის კანონპროექტს განიხილავენ, რომელსაც კენჭი მიმდინარე კვირაში ეყრება.
გაფიცულები, რომლებიც კერძო სექტორში დასაქმებულებთან ერთად, ექიმებსა და ჟურნალისტებსაც მოიცავს, პარლამენტთან მარშს გამართავენ, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე.
დაინიციირებული კანონპროექტი დასაქმებულს უფლებას აძლევს, გაზარდოს სამუშაო საათები, ჰქონდეს მეტი მოქნილობა მოკლევადიანი დასაქმების დროს და შეცვალოს საშვებულებო წესები კერძო სექტორში.
მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი უფრო ეფექტიანი და მოქნილი სამუშაო ბაზრის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
მათივე თქმით, რეფორმა დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ზეგანაკვეთურ შრომაზე უარს იტყვიან.
თუმცა პროფკავშირების შეფასებით, კანონპროექტი დასაქმებულთა უფლებებს ზღუდავს, აუქმებს 8-საათიან სამუშაო დღეს და თანამშრომლებს მოლაპარაკების შესაძლებლობას ართმევს მაშინ, როცა ქვეყანაში საშუალო ხელფასი ისედაც უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირში.




























