საბურთალოს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე, საბურთალოს გამგეობამ საერთო ჯამში 3 460 466 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. ამ პერიოდში მოწესრიგდა 47 869 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია.
ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს დიდ დიღომში, III მიკრორაიონში, №14 და №15 კორპუსების მიმდებარედ. ასფალტის ახალი საფარი უკვე დაიგო №1, №3, №5, №6, №15 და №17 კორპუსებთან. ჯამში, აღნიშნულ მისამართებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 8 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოების მონახულებისას, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პირადად შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ინფრასტრუქტურული პროექტები საბურთალოს გამგეობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არა მხოლოდ გადაადგილებას ხდის უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს, არამედ მთლიანად საცხოვრებელ გარემოსაც აუმჯობესებს“, - განაცხადა გიზო ვასაძემ.




























